განცხადებები

რუსთავის მერს ახალი მოადგილე ჰყავს

  • 2016-07-18
Image

 

რუსთავის მუნიციპალიტეტის მერს დავით ჯიქიას ახალი მოადგილე ჰყავს. აღნიშნულ თანამდებობაზე  გოჩა ლორია დაინიშნა.

გოჩა ლორია 53 წლისაა.  მან 1980 წელს დაამთავრა რუსთავის #21 საშუალო სკოლა, 1985 წელს – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტი, ხოლო 1996 წელს – აშშ-ს კალიფორნიის შტატის სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობის მართვის კურსი. გოჩა ლორიას მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში. ის სხვადასხვა წელს  მუშაობდა რუსთავის ჭყონდიდელის და ცენტრალური მუნიციპალიტეტების თავმჯდომარედ. 1996-2000 წლებში იყო ქვემო ქართლის ვიცე-გუბერნატორი, 2000-2003 წლებში –  მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი, ხოლო ბოლო წლებში კერძო ბიზნესით იყო დაკავებული.

რაც შეეხება მერის ყოფილ მოადგილე  ლაშა ლობჯანიძეს, მან საქმიანობა ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციაში ერთ–ერთ თანამდებობაზე განაგრძო და რეგიონის მასშტაბით ტენდერების, ქონების მართვისა და ინვესტიციების მოზიდვის საკითხებს უხელმძღვანელებს.

ახლად დანიშნული მერის მოადგილე დღეს ქალაქის მერმა დავით ჯიქიამ და საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძემ საკრებულოს უმრავლესობას წარუდგინეს.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საკრებულოს წევრებმა გოჩა ლორიას მერის მოადგილის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცეს და წარმატებები უსურვეს. ხელისუფლების წარმომადგენლებმა სხვადასხვა სფეროში  არსებულ პრობლემებზეც იმსჯელეს და მათ მოგვარების მიზნით, ერთობლივ მუშაობასთან დაკავშირებით მზადყოფნა გამოთქვეს. 

გოჩა ლორია,  ქალაქის მუნიციპალიტეტის სოციალურ, კულტურის, ფინანსებისა და  ქონების მართვის საკითხებს გაუწევს კოორდინაციას.