Image

რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ შოთა რეხვიაშვილთან ერთად, ჭყონდიდელის დასახლებაში, ახალი მუნიციპალური სერვისცენტრი გახსნა.

ღონისძიებას, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი, საკრებულოს დეპუტატები და თვითმმართველობის სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.

სერვისცენტრი, ჭყონდიდელის დასახლების მცხოვრებლებისთვის, მუნიციპალურ და სახელმწიფო სერვისებს გაცილებით ხელმისაწვდომს გახდის. რუსთაველები აქ, ქალაქის მერიაში მიუსვლელად შეძლებენ მერიის სოციალური პროგრამებით სარგებლობას, მშენებლობის და მიწის ნაკვეთის ლეგალიზებას, ბინის პრივატიზებას, აუქციონის თუ იჯარის შესახებ განაცხადის გაკეთებას და სხვა მუნიციპალური მომსახურების მიღებას.

სერვისცენტრი აღჭურვილია თანამედროვე ელექტრონული ტექნიკით და აიდი ბარათის წამკითხველი მოწყობილობით, რაც რუსთაველებს, სხვა საჯარო უწყებების სერვისებით სარგებლობის და პორტალ My.gov.ge-ზე წვდომის საშუალებასაც მისცემს.

სახელმწიფო სერვისების დისტანციურად მისაღებად, მოქალაქეებს მხოლოდ აიდი ბარათი დასჭირდებათ. აქვე, ჭყონდიდელის სახელობის დასახლებაში მცხოვრები რუსთაველები, ქალაქის მერთან შეხვედრის დაგეგმვასაც შეძლებენ.

სერვისცენტრის შენობა ევროკავშირის პროექტის-,,მონაწილეობითი ადგილობრივი ბიუჯეტირება ქალაქ რუსთავში“ ფარგლებში დაპროექტდა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით აშენდა. 
შენობის შიდა დიზაინზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა და რუსთაველმა არქიტექტორებმა Co-Design-ის მეთოდით იმუშავეს.

2019-07-05

ნავიგაცია