Image

რუსთავს ორი ახალი სახელწოდების, ტრაგიკულად დაღუპული, ახალგაზრდა პოეტის ოთარ გურგენიშვილის და პირველი რუსთაველი მთამსვლელი ქალის მარო (მარიამ) ტყავაძის ქუჩები შეემატა. გადაწყვეტილება, რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე იქნა მიღებული.
აღნიშნული საკითხი დეპუტატებს, საკრებულოს აპარატის იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსმა, არჩილ ძამაშვილმა გააცნო. მისი განმარტებით, განკარგულების და კანონით დადგენილი ყველა პროცედურის გავლის თანახმად, რუსთავში, კომუნარების ქუჩას შეეცვალა სახელწოდება და მას მარო ტყავაძის სახელი, ხოლო ჟიული შარტავას და ლეონიძის კვეთაზე დამაკავშირებელ უსახელო ქუჩას, ოთარ გურგენიშვილის სახელი მიენიჭა.

საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა იმსჯელეს და დადებითად გადაწყდა, რუსთავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ლიბერთი ბანკისთვის სარგებლობის უფლებით, იჯარით, გაცემის თანხმობის მიცემის საკითხი. შედეგად, ჭყონდიდელის დასახლებაში, მუნიციპალური მომსახურების სერვისცენტრის შენობაში განთავსდება „ლიბერთი ბანკის“ მომსახურების სივრცე, კერძოდ, ბანკომატი და სწრაფი გადახდის აპარატი, რაც საშუალებას მისცემს დასახლების მოსახლეობას ისარგებლონ „ლიბერთი ბანკის“ ყველა სახის საბანკო სერვისით.

საკრებულოს სხდომის ფარგლებში, დეპუტატებმა ანსამბლ „რუსთავის“ ცეკვის დარბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე, სარეკრეაციო ზონის, საცხოვრებელ და საზოგადოებრივ-საქმიან ზონად ცვლილების შეტანის თაობაზე იმსჯელეს და მხარი დაუჭირეს მრავალფუნქციური სასტუმროს მშენებლობას, სადაც განთავსდება კინოდარბაზი, კომერციული ობიექტები და შენობის მესამე სართულზე მოეწყობა გამწვანების ზოლი. 
ქალაქში ინოვაციური შენობის მშენებლობისთვის კომპანია „ ვი აი პი+“ სოლიდურ ინვესტიციას განახორციელებს.
საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე, რომელსაც რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი უძღვებოდა, დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ოთხი საკითხი განიხილეს.

2019-07-10

ნავიგაცია