Image

რუსთავის თვითმმართველობის წევრებსა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებს შორის ღია ცის ქვეშ, არფორმალურ გარემოში, კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, სოციალურ კაფეში „კაფუნე“ შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრა, რომელიც რუსთავის განვითარების, ტურიზმისა და საერთაშორისო ურთიერთობების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელის გიგა ჯღარკავას ინიციატივით მოეწყო, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ქავთარაძე, დეპუტატები, ამირან ჯანჯღავა, გიორგი ტუხაშვილი და რუსთაველი ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები, მხატვრები, მოქანდაკეები და სამხატვრო აკადემიის სტუდენტები ესწრებოდნენ.

ღონისძიებაზე შეხვედრის ინიციატორმა გიგა ჯღარკავამ, ხელოვანებს ქალაქის განვითარების სტრატეგიაზე მუშაობაში ჩართვა და აქტიური მონაწილეობა შესთავაზა. მისი თქმით, რეკომენდაციები და ერთობლივად შემუშავებული წინადადებები ასახული იქნება ქალაქის განვითარების სამოქმედო დოკუმენტში.

„ჩვენი მიზანია, შევცვალოთ, გავაუმჯობესოთ ქალაქის იერ-სახე, მოხდეს მისი ბრენდირება და რაც მთავარია განხორციელდეს ყველა ის პროექტი რომელიც ქალაქს ტურისტულად და კომერციულად მიმზიდველს გახდის. სამუშაო პროცესის ყველა ეტაპი თქვენთვის ცნობილი იქნება.“- განაცხადა რუსთაველ ხელოვანებთან გამართულ შეხვედრაზე გიგა ჯღარკავამ.

ქალაქის განვითარების სტრატეგიასთან დაკავშირებით შეხვედრები საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან ეტაპობრივად გაიმართება.

2019-07-19

ნავიგაცია