Image

რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა ბერძენ, პოლონელ, უკრაინელ და ქართველ სტუდენტებს შეხვდა.

ახალგაზრდები, რუსთავს, 27 ივლისს, პროექტ ,,Stay Active“-ის ფარგლებში, საბერძნეთის, პოლონეთისა და უკრაინის სხვადასხვა ქალაქიდან ესტუმრნენ.

ქალაქის მერი სტუმრებს ახალგაზრდების ხელშეწყობისა და წახალისების პროექტებზე ესაუბრა, სამომავლო გეგმები გააცნო და პროექტების განხორციელებაში ახალგაზრდების აქტიური მონაწილეობის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება.

შეხვედრაზე ქალაქის ცხოვრებაში ახალგაზრდების აქტიურად ჩართულობაზე და ამ კუთხით დაგეგმილ, ასევე მიმდინარე პროექტებზე პრეზენტაციები ,,რუსთავის სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის’’ ხელმძღვანელმა გეგი ლიპარტელიანმა, სერვისების განვითარებისა და საქმისწარმოების განყოფილების უფროსმა თამთა დოკვაძემ და ინოვაციების ჰაბის წარმომადგენელმა თათა ბერიაშვილმა წარადგინეს.

ევროკავშირის საგრანტო პროგრამა ,,ერასმუს+’’-ის მხარდაჭერით, პოლონეთის ნაციონალური სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტის ,,Stay Active“-ის ფარგლებში, რუსთავში პოლონეთის, უკრაინის, საბერძნეთის და საქართველოს წარმომადგენელი 33 ახალგაზრდა, ერთი კვირის განმავლობაში მიგრაციისა და ურბანიზაციის პრობლემების შესახებ ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებს.

,,Stay Active“-ის ავტორის, ალტერნატიული განათლების აკადემიის დირექტორ არჩილ ფოლადაშვილის თქმით, პროექტი ითვალისწინებს ახალგაზრდების ინფორმირებულობას, მათი ჩართულობის ზრდას, ადგილზე არსებული სიტუაციის გაცნობასა და გამოცდილების გაზიარებას მიგრაციასთან დაკავშირებულ პრობლემებთან დაკავშირებით, ასევე, ქართველი ახალგაზრდების ქვეყანაში დარჩენასა და მათი ადგილზე აქტიურად ყოფნის წახალისებას ითვალისწინებს.

უცხოელი და ქართველი ახალგაზრდები, რუსთავში, 27 ივლისს ჩამოვიდნენ და ქვეყანას 4 აგვისტოს დატოვებენ. სტუდენტები რუსთავის საერთაშორისო სკაუტურ ცენტრში ცხოვრობენ.

2019-08-02

ნავიგაცია