Image

რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანის ხელმძღვანელობით, წარმომადგენლობითი ორგანოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ 8 საკითხზე იმსჯელეს.

საკრებულოს წევრებმა რუსთავის 2019 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები დაამტკიცეს. როგორც მომხსენებელმა, მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ლევან კავთიაშვილმა განმარტა, ჭარბი შემოსავლები, (1 300.3 ათასი ლარი) წინა წლის მიზნობრივი ტრანსფერის ნაშთი (2.1 ათასი ლარი) და გამოთავისუფლებული სახსრები (149.4 ათასი ლარი) მუხლობრივად სხვადასხვა მიმართულებით გადანაწილდა.
მისი თქმით, საერთო ჯამში, ბიუჯეტის მოცულობამ 64 019.5 ათასი ლარი შეადგინა.

დღესვე დეპუტატებმა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში რუსთავი-თბილისის მარშრუტზე M2 კატეგორიის ავტობუსით სამგზავრო გადაყვანის ტარიფის განსაზღვრის შესახებ იმსჯელეს. როგორც მომხსენებელმა, მერიის აპარატის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა, სოფიო დემურაძემ განაცხადა, ლევან სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, 6 მარშრუტზე მგზავრობის ღირებულება განისაზღვრა 1.80 ლარით, ხოლო დანარჩენ მარშრუტებზე უცვლელი დარჩა.

დღევანდელ სხდომაზე ,,რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირების, პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობრივი სარგოებისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ” საკრებულოს დადგენილებაში ცვლილებების შეტანის საკითხს ეყარა კენჭი და დამტკიცდა. 
დღის წესრიგით წარმოდგენილი სხვა საკითხებიც, საკრებულოს წევრებმა ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს.

2019-08-09

ნავიგაცია