Image

რუსთავის წარმომადგენლობითი ორგანოს სხდომათა დარბაზში საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელსაც წინ ბიუროს სხდომა უძღოდა.

სხდომაზე, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი ხელმძღვანელობდა, დღის წესრიგით გათვალისწინებულ 3 ძირითად საკითხზე იმსჯელეს.

საკრებულომ დაამტკიცა 2019 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში განსახორციელებელი ცვლილებები, რომლის მიხედვითაც საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე, რუსთავის მუნიციპალიტეტს 2017-2018 წლების განკარგულებებში დარჩენილი ეკონომიების გამოყენების უფლება მიეცა.

როგორც მომხსენებელმა, მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა, ლევან კავთიაშვილმა განაცხადა, ეკონომიების ძირითადი ნაწილი 2020 წლის საპროექტო დოკუმენტაციების შეძენას მოხმარდება. საბოლოოდ, 2019 წლის ბიუჯეტის, როგორც შემოსულობების, ისე გადასახდელების ნაწილის გეგმა განისაზღვრა 64 297, 5 ათასი ლარით.

დღევანდელ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, ცვლილება შევიდა მერიის არქიტექტურისა და სამშენებლო-ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურის დებულებაში.

როგორც მერიის აპარატის უფროსმა ნინო ნიკოლავამ განმარტა, დადგენილებაში ცვლილების შეტანის საფუძველს ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონისთვის ახალი მუხლის დამატება წარმოადგენს, რომლის მიხედვითაც მიწის ნაკვეთის დაყოფის ან მიწის ნაკვეთის გაერთიანების პროექტის შეთანხმება მოხდება ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის გავლით.

დღესვე საკრებულოს წევრებმა რუსთავი-თბილისის მიმართულებით მოძრავი ავტობუსებისათვის გამოსაცხადებელი კონკურსისათვის საკონკურსო ლოტის დამტკიცების შესახებ იმსჯელეს და რუსთავიდან გასვლის ლოკაციად გმირთა მემორიალის მიმდებარე ტერიტორია დაამტკიცეს.

2019-08-30

ნავიგაცია