Image

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, 4-6 ოქტომბერს, საქართველოში ,,ევროპის მემკვიდრეობის დღეები’’ აღინიშნება.

ევროპის მემკვიდრეობის დღეებს, რუსთავის მუნიციპალიტეტიც შეუერთდა.
მერიის ორგანიზებით, კულტურისა და დასვენების პარკში, ამფითეატრის სცენაზე, სამუსიკო სკოლების მოსწავლეთა კონცერტი გაიმართა.
მონაწილეებმა ვოკალური და ქორეოგრაფიული ნომრები წარმოადგინეს.
კონცერტის პარალელურად, ამფითეატრთან, მოსწავლეების მიერ შექმნილი ნახატების გამოფენა მოეწყო.

,,ევროპის მემკვიდრეობის დღეების’’ ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, მუნიციპალიტეტებში, ა(ა)იპ ცენტრების, სსიპ მუზეუმებისა და კულტურის ცენტრების ჩართულობით, უფასო გამოფენები, კონცერტები, ვორქშოფები, მასტერკლასები და სხვადასხვა შემეცნებით-გასართობი აქტივობა იმართება.

ღონისძიებები ევროპის მემკვიდრეობის დღეების 2019 წლის საერთო თემის „ხელოვნება და სანახაობა“ ფარგლებში ეწყობა.

„ევროპის მემკვიდრეობის დღეების” ჩატარების ინიციატივა, ჯერ კიდევ 1985 წელს გაჩნდა, ხოლო 1999 წლიდან, ევროპის საბჭოსა და ევროკომისიის ერთობლივი პროგრამის სახე მიიღო.
საერთაშორისო პროგრამაში ევროპის კულტურული კონვენციის ხელმომწერი 50 ქვეყანა მონაწილეობს.

ევროპის მემკვიდრეობის დღეები, ყოველი წლის შემოდგომაზე, ერთ-ერთ შაბათ-კვირას ტარდება.
პროგრამა წარმოადგენს ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებულ ღონისძიებათა ერთობლიობას, რომელიც ხელს უწყობს საერთო ევროპული მემკვიდრეობის შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და პოპულარიზაციას.

2019-10-05

ნავიგაცია