Image

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე და ევროპის საბჭოს კონგრესის წევრი ნინო ქავთარაძე, სტრასბურგში, ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 37-ე პლენარულ სესიაში იღებს მონაწილეობას.
პლენარულ სესიაზე კონგრესის წევრებმა „ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა როლი დევნილთა დაცვის საკითხებში“, რეზოლუცია განიხილეს და 100 ხმით 12-ის წინააღმდეგ მიიღეს.
დოკუმენტში ასახულია ის ცვლილებები, რომლებიც საქართველოს დელეგაციის მიერ იყო წარდგენილი, სადაც რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ორ რეგიონში - აფხაზეთსა და ცხინვალში მიმდინარე უკანონო და განგრძობადი სამხედრო ქმედებებია ასახული და უხეშად ირღვევა ადგილობრივი მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებები.
ცვლილებები, რომლებსაც კონგრესმა მხარი დაუჭირა, 2019 წლის ივნისში, შტუდგარდში გამართულ ევროსაბჭოს კონგრესის მიმდინარე საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის (NALAG) ვიცე-პრეზიდენტისა და ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფლებათა კონგრესის რეგიონთა პალატის სრული წევრის, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი ტყემალაძის მიერ იყო წარდგენილი.
დოკუმენტში, ასევე, ყურადღება გამახვილებულია ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა როლსა და პოლიტიკური ანგარიშვალდებულების მნიშვნელობაზე იძულებით გადაადგილებულ პირთა ინტეგრაციის, ჩართულობისა და დისკრიმინაციისაგან დაცვის საქმეში. ამ კუთხით, ხაზგასმულია საქართველოს წარმატებული გამოცდილება - ადგილობრივ დონეზე პრიორიტეტებისა და ბიუჯეტის განსაზღვრის საქმეში იძულებით გადაადგილებული ქალების ჩართულობის, ასევე, კონფლიქტით დაზარალებულ მუნიციპალიტეტებში ერთობლივი სამუშაო ჯგუფების შექმნის თვალსაზრისით.
ქართული დელეგაცია სტრასბურგში საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტების, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის რეგიონთა პალატის სრული წევრის - გიორგი ტყემალაძის და დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს დეპუტატის, ევროპის საბჭოს რეგიონთა კონგრესის ვიცე - პრეზიდენტის - თამარ ტალიაშვილი შემადგენლობით იმყოფება.

2019-10-31

ნავიგაცია