Image

ქალაქის მერი ირაკლი ტაბაღუა, რუსთავში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო დეპარტამენტის ქვემო ქართლის ერთიანი მომსახურების ცენტრის გახსნას დაესწრო.
ახალი ცენტრი, ,,სისტემური განახლების’’ ფარგლებში, მინისტრის მოადგილეებმა - კახაბერ საბანაძემ, ნინო ჯავახაძემ და ლევან კაკავამ, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორთან ვაჟა სირაძესთან ერთად გახსნენ.
ღონისძიებას, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ბეგაძე და სხვა მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

თბილისის შემდეგ, რუსთავი პირველი ქალაქია, სადაც მოსახლეობა 50-მდე საპოლიციო სერვისს, ნაცვლად 4 სხვადასხვა ადგილისა, „ერთი სარკმლის“ პრინციპით მიიღებს. მათ შორის: მართვის უფლების შეჩერების შესახებ დადგენილების გაუქმებას ან ჯარიმით შეცვლას, ნაპოვნი სანომრე ნიშნის მიღებას, სპეციალურ სადგომზე გადაყვანილი სატრანსპორტო საშუალების გაყვანაზე თანხმობას და სხვა. ახალმა ცენტრმა რუსთავის საპატრულო პოლიციის ე.წ. „მე-12 ოთახი“ ჩაანაცვლა.
საპატრულო პოლიციის ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე საპოლიციო სერვისცენტრი აღჭურვილია ვიზიტორთა რიგის მართვის, ელექტრონული ხელმოწერისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სისტემებით. რუსთავის ერთიანი მომსახურების ცენტრში, ასევე, დანერგილია განაცხადების ელექტრონული ფორმით მიღების სისტემა, რაც გამორიცხავს განცხადებებისა და საჩივრების ხელით შევსების აქამდე დამკვიდრებულ პრაქტიკას. შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე.
ამავე შენობაში განთავსდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს კუთხეც, რომელიც მოქალაქეებს მის კომპეტენციაში შემავალ სხვადასხვა სერვისს შესთავაზებს.

2019-11-07

ნავიგაცია