Image

კოსტავას გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება. გზის სავალ ნაწილზე ბეტონის საფარის დაგება მიმდინარეობს, პარალელურად, ეწყობა სანიაღვრე და სარწყავი სისტემები, ხოლო  საცხოვრებელი შენობებზე ფასადების შეღებვის მოსამზადებელი სამუშაოები ხორციელდება. 
გზის საფარის დაგება მიმდინარე თვის ბოლომდე უნდა დასრულდეს, სექტემბრის დასაწყისში კი, კოსტავას გამზირზე ავტოტრანსპორტის მოძრაობაც გაიხსნება.
პროექტი რუსთავის მერის, დავით ჯიქიას ინიციატივით ხორციელდება და კოსტავას გამზირის #1- დან #17-მდე, ასევე ფიროსმანის #3, #5 საცხოვრებელი კორპუსების ფასადებისა და მინათებების მოპირკეთებას ითვალისწინებს. დაზიანებული შენობები გამაგრდება არმირებული ბადეებით და გაილესება, დაზიანებული არქიტექტურული ორნამენტები ახლით შეიცვლება, კორპუსებს დაუბრუნდება პირვანდელი სახე და შეიღებება წყლისა და მტვრისგან დამცავი მაღალი ხარისხის საღებავით. შენობებზე დამონტაჟდება თანამედროვე სანათები, შეიცვლება ყველა ძველი კარი, შეიღებება ხის ფანჯრები, მოეწყობა საცრემლეები და მარკიზები. სავალ ნაწილზე დაიგება 18 სმ სისქის არმირებული ბეტონის საფარი, მოეწყობა ბაზალტის ბორდიურები. სავალი ნაწილის ზედაპირი მოპირკეთდება ბუნებრივი ფლეთილი ქვით, ტროტუარსა და გაზონს შორის მოეწყობა ბაზალტის ქვით მოპირკეთებული დეკორატიული კედელი, გაზონები შემოიღობება ლითონის დეკორატიული ღობით და დამონტაჟდება სარწყავი სისტემა, რომელიც მდინარე მტკვრიდან გაფილტრული წყლით მომარაგდება, მოეწყობა 4-სმ სისქის დაწნეხილი ფილებით გაფორმებული ტროტუარი, სადაც განთავსდება სკამები, სანაგვე ურნები და სასმელი წყლის შადრევნები, გზის სავალი ნაწილის გასწვრივ და ტროტუარზე დამონტაჟდება გარე განათების თანამედროვე სისტემა. 
სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს ,,დაგი’’ ახორციელებს. პროექტისთვის 4 მლნ 500 000 ლარი ცენტრალური ბიუჯეტიდან იხარჯება. კოსტავას გამზირის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება.

2016-08-13

ნავიგაცია