Image

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის ლევან ონიანის ხელმძღვანელობით, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს სხდომათა დარბაზში, საკრებულოს რიგგარეშე N29 სხდომა გაიმართა.

საკრებულოს წევრების გადაწყვეტილებით, შ.პ.ს. „ინტერ-ტრანს“-ს მარტამდე გაუგრძელდა რუსთავი-თბილისის მარშრუტზე M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე მგზავრთა გადაყვანის ნებართვა.

საკრებულოს სხდომის ფარგლებში, დეპუტატებმა რუსთავის მუნიციპალიტეტში 2020 წელს განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების მოწონების თაობაზე იმსჯელეს და დადებითი რეკომენდაცია მისცეს პროექტს, რომელიც XX და XI მიკრორაიონების გამყოფ გზაზე, ჩერკასკის ქუჩაზე ტროტუარების რეაბილიტაციას ითვალისწინებს.

დეპუტატებმა, ქალაქის ტერიტორიული გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შესახებ N226 დადგენილებაში ცვლილება შეიტანეს. საკითხი სხდომაზე, მერიის არქიტექტურისა და სამშენებლო -ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელმა ეკა პაპუაშვილმა წარადგინა.
როგორც ეკა პაპუაშვილმა განაცხადა, ცვლილება დადგენილებაში ითვალისწინებს, ქალაქის ტერიტორიაზე კონკრეტულ საცხოვრებელ და საზოგადოებრივ-საქმიან ზონებში, კერძოდ, ლომოურის, შარტავას ქუჩებზე და VIII მიკრორაიონში მშენებარე საცხოვრებელი კორპუსებისთვის, კოეფიციენტის მატებას.

სათათბირო ორგანოს დეპუტატებმა, დავით გარეჯის ქუჩაზე შპს „ეკო ოილისთვის“, რომელიც ტექნიკური ზეთის გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობას გეგმავს, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, კერძოდ მისასვლელი გზის სარგებლობის უფლების მიცემის თაობაზე იმსჯელეს და საკითხს, აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, დადებითი რეკომენდაცია მიეცა. სხდომაზე საკითხის წარმდგენის ეკა პაპუაშვილის განაცხადებით, აღნიშნულ გზაზე მოძრაობის სქემა შეთანხმებულია საპატრულო პოლიციასთან.

2019-11-29

ნავიგაცია