Image

რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ქალაქის 2020 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა.

57 მილიონ 560,1 ათასი ლარით განსაზღვრული წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი საკრებულოს დეპუტატთა ხმათა უმრავლესობით დამტკიცდა.

ბიუჯეტის პროექტის ძირითადი პარამეტრები მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ლევან კავთიაშვილმა წარადგინა.

მომხსენებლის, ლევან კავთიაშვილის განცხადებით, რუსთავის თვითმმართველობის მომავალი წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პრიორიტეტი კვლავ სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტებია.

„ქალაქის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის 19 მილიონამდე ლარია განსაზღვრული. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფისთვის 4 მილიონ ლარამდეა გამოყოფილი, რის საფუძველზეც დაიგეგმა სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსების ზრდა. იზრდება სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების, განათლების და კულტურის სფეროს, ასევე ახალგაზრდობის და სპორტის პროგრამების დაფინანსება.“- განმარტა სხდომაზე ლევან კავთიაშვილმა.

საკრებულოს თავმჯდომარის ლევან ონიანის ხელმძღვანელობით, დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული კიდევ რამდენიმე ქალაქისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღეს.

რუსთავის მერიის ჯანდაცვის, სოციალური მომსახურების, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული განვითარების ხელმძღვანელის ნინო ქვირიას განცხადებით, ცვლილებები შევიდა და დაფინანსება გაიზარდა მომავალ წელს სოციალური, ჯანდაცვის უზრუნველყოფის და „სტუდენტთა სწავლების დაფინანსების“ ქვეპროგრამებში.

საკრებულოს სხდომის ფარგლებში, დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული თხუთმეტი საკითხი განიხილეს და ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს, რის შემდეგაც სხდომის თავმჯდომარე, ლევან ონიანმა სხდომა დახურულად გამოაცხადა.

2019-12-20

ნავიგაცია