Image

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელზეც რუსთავში არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის შესახებ იმსჯელეს.

შეხვედრას, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, ნინო თანდილაშვილი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ნინო ქავთარაძე და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სამინისტროს წარმომადგენლებმა ადგილობრივ საწარმოებში განხორციელებული მონიტორინგის შესახებ ისაუბრეს, რომლის საფუძველზეც, საწარმოების მიმართ უკვე გატარდა შესაბამისი სანქციები.
საუბარი შეეხო გარემოზე მავნე ზემოქმედების კონტროლისა და სანქციების გამკაცრების მიზნით დაგეგმილ საკანონმდებლო რეგულაციებსაც.
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ბოლო 20 წლის განმავლობაში, რუსთავში არსებული სამრეწველო საწარმოების მსგავსი მასშტაბის მონიტორინგი არ ჩატარებულა.

შეხვედრის მონაწილეები სამუშაო ჯგუფის შექმნაზე შეთანხმდნენ, რომლის შემადგენლობაშიც ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წევრები, საერთაშორისო ექსპერტები და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები შევლენ. აღნიშნული ჯგუფი ხელს შეუწყობს წევრებს შორის კოორდინირებულ საქმიანობას და აქტიურ კომუნიკაციას.

2019-12-25

ნავიგაცია