Image

ქართული თეატრის დღე და რუსთავის საპატიო მოქალაქის ტიტულის მინიჭება მიულოცეს რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დავით რეხვიაშვილმა და პოეტმა თემურ ჩალაბაშვილმა საქართველოს სახალხო არტისტს, ,,ხელოვნების ქურუმს“, თენგიზ არჩვაძეს.
ქართული თეატრისა და კინოს ლეგენდას, რუსთავის მერი სახლში ესტუმრა და მადლობა გადაუხადა იმ ღვაწლისთვის, რომელიც მას ქართული სასცენო ხელოვნების და რუსთავის თეატრის განვითარებისთვის აქვს გაწეული.
თენგიზ არჩვაძე რუსთავის თეატრის პირველი დასის წარმომადგენელია და რუსთავისთვის განსაკუთრებული სიმბოლური დატვირთვის მატარებელიც არის, რადგან სწორედ თენგიზ არჩვაძე ასრულებს მთავარ როლს ფილმში-,,კეთილი ადამიანები“, რომელიც უკვე ბევრი ათეული წელია, რაც ქალაქის ერთგვარ სავიზიტო ბარათადაა ქცეული.
რუსთავის პროფესიული დრამატული თეატრი 1967 წელს, ცნობილი ქართველი რეჟისორის, გიგა ლორთქიფანიძის თაოსნობით დაარსდა.
რუსთავის თეატრის დასის წევრები იყვნენ ქართული თეატრის ისეთი კორიფეები, როგორებიც ოთარ მეღვინეთუხუცესი, თენგიზ არჩვაძე, რევაზ ხობუა, ია ხობუა, ქეთევან კიკნაძე, ლეო ანთაძე, თამარ სხირტლაძე, ირაკლი უჩანეიშვილი, გივი ბერიკაშვილი და სხვა ცნობილი ქართველი მსახიობები არიან.

2020-01-14

ნავიგაცია