Image

გარემოს დაცვით საკითხებზე და რუსთავში არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის შესახებ იმსჯელეს დღეს ქალაქის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში გამართულ შეხვედრაზე.

შეხვედრას რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი, არასამთავრობო ორგანიზაცია ,, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა – დედამიწის მეგობრების“ ხელმძღვანელი ნინო ჩხობაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის ოფიციალური პირები დაესწრნენ.

საუბარი, ადგილობრივ საწარმოებში განხორციელებული მონიტორინგის შედეგებს, გარემოზე მავნე ზემოქმედების კონტროლსა და სანქციების გამკაცრების მიზნით დაგეგმილ საკანონმდებლო რეგულაციებსაც შეეხო.

შეხვედრის მონაწილეებმა რუსთავში არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების გზები განიხილეს და ისაუბრეს ატმოსფეროში ნახშირორჟანგის ემისიების შემცირების მიზნით, ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ უკვე განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე.

„მერების შეთანხმებას“, რომელიც 2020 წლისთვის CO2-ის ემისიის 20 %-მდე შემცირებას ითვალისწინებდა, რუსთავი 2011 წელს შეუერთდა.
მდგრადი ენერგეტიკის სამოქმედო გეგმას, რუსთავისთვის ოთხი ძირითადი მიმართულება ჰქონდა: ტრანსპორტი, გარე განათება, მუნიციპალური შენობები და გამწვანება.

2013 წლიდან დღემდე, რუსთავში, 35 566 ახალი ხე-მცენარეა დარგული. დაგეგმილია იაღლუჯის ფერდობის გამწვანების პროექტის განხორციელება. გარე განათების ჩანაცვლება ხდება ენერგოეფექტური ლედ სანათებით.
2013 წლიდან დღემდე, 7499 ენერგოეფექტური სანათია ქალაქში დამონტაჟებული.

მერების შეთანხმების სადემონსტრაციო პროექტების პროგრამის ფარგლებში, რუსთავში განხორციელდა პროექტი - „სამი საბავშვო ბაღის რეკონსტრუქცია, ენერგოეფექტურობის მაღალი სტანდარტის მიღების და ნახშირორჟანგის ემისიების შემცირების მიზნით“. პროექტი, „მდგრადი განვითარებისა და პოლიტიკის (SDAP) ცენტრმა“ და რუსთავის მერიამ ერთობლივად განახორციელეს.

,,მერების შეთანხმებით“ გათვალისწინებულ ვალდებულებას რუსთავი ტრანსპორტის კუთხითაც შეასრულებს.
ქალაქში, ევროსტანდარტების შესაბამისი, 40 ავტობუსის შემოყვანა იგეგმება, რომელიც დღეს არსებულ მუნიციპალურ ტრანსპორტს ჩაანაცვლებს და მნიშვნელოვნად შეამცირებს ნახშირორჟანგის გამონაბოლქვს ქალაქში. ტექნიკური სპეციფიკაციის მიხედვით, ახალი ავტობუსები, დიზელზე იმუშავებენ და ევრო 5-ის ემისიის სტანდარტს დააკმაყოფილებენ.

რუსთავისთვის გარემოს დაცვითი საკითხების აქტუალობიდან გამომდინარე, ..საქართველოს მწვანეთა მოძრაობა-დედამიწის მეგობრების'' ხელმძღვანელმა ნინო ჩხობაძემ და რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ, დღეს გამართულ შეხვედრაზე, აქტიური თანამშრომლობის გეგმები დასახეს.
ორგანიზაცია მზადაა მუნიციპალიტეტს, გარემოს დაცვით საკითხებში საექსპერტო დახმარებაც გაუწიოს.

2020-02-14

ნავიგაცია