Image

რუსთაველი ნიჩბოსანი ალექსანდრე წივწივაძე საერთაშორისო ტურნირებზე ახალი ნავით იასპარეზებს.
ახალგაზრდა სპორტსმენს ახალი კანოე, რომელიც ოლიმპიური სტანდარტებისაა, დღეს რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ გადასცა.

,,ალექსანდრე წივწივაძე, ჩვენს ქალაქში ცხოვრობს და ვარჯიშობს, მინდა განსაკუთრებით გამოვყო მისი წარმატებები და სპორტული მიღწევები. დღეიდან მას ექნება საკუთარი კანოე, იმედს გამოვთქვამ, რომ საერთაშორისო ასპარეზობებზე, ის კიდევ უფრო დიდ წარმატებებს მიაღწევს, ასახელებს ჩვენს ქალაქს და ქვეყანას“, - განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.

წარმატებული სპორტსმენისთვის, კანოე რუსთავის მერიამ კომპანია ,,ეკო ოილი’’-ს მხარდაჭერით შეიძინა.

ახალგაზრდა ნიჩბოსანი, ალექსანდრე წივწივაძე საქართველოს არაერთგზის ჩემპიონი, საერთაშორისო ტურნირებისა და ჩემპიონატების გამარჯვებულია.
გასული წლის სექტემბერში, ახალგაზრდა რუსთაველმა ნიჩბოსანმა საერთაშორისო ტურნირში, სამ დისტანციაზე იასპარეზა და პირველი ადგილი დაიკავა. საერთაშორისო შეჯიბრებაში „ოლიმპიური იმედები“ მონაწილეობას 35 ქვეყნის წარმატებული სპორტსმენები იღებდნენ. ალექსანდრე წივწივაძემ 1000, 500 და 200 მეტრის დისტანციაზე შეასრულა გაცურვა და სამივე შემთხვევაში პირველი ადგილი მოიპოვა. საერთაშორისო ტურნირი - „ოლიმპიური იმედები“ 15-წლიან ასაკობრივ კატეგორიაში, მსოფლიო ჩემპიონატის მნიშვნელობას ატარებს.

2019 წლის ბოლოს, რუსთავის მერის ინიციატივით, ალექსანდრე წივწივაძეს ,,წლის რუსთაველის“ სტატუსიც მიენიჭა.

2020-03-11

ნავიგაცია