Image

რუსთავის მერის ირაკლი ტაბაღუას ინიციატივით, COVID-19-თან დაკავშირებული პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, ქალაქში მოხალისეთა მობილური ჯგუფი შეიქმნება.

მობილური ჯგუფი, საჭიროების შემთხვევაში, თვითიზოლაციაში მყოფ პირებს დაეხმარება.
აღნიშნული ჯგუფის ჩამოყალიბების დეტალებზე იმსჯელეს კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, რუსთავის მერიაში გამართულ სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე, რომელსაც ქალაქის მერი ირაკლი ტაბაღუა, მერის მოადგილეები: გოჩა ლორია, ირმა მესხი, ქალაქის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის დირექტორი დავით ბეგაშვილი და მერიის სამსახურების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

დავით ბეგაშვილის განცხადებით, მოხალისეთა ჯგუფის მუშაობის სპეციფიკა და რეჟიმი მკაცრად იქნება გაწერილი და რაც მთავარია, დაცული იქნება მათი უსაფრთხოება და ჯანმრთელობა.

,,მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ქვეყანაში ნამდვილად არ არის საგანგაშო მდგომარეობა, სახელმწიფო აკონტროლებს სიტუაციას და ჩვენს ქალაქშიც არის კეთილსაიმედო მდგომარეობა, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ სიტუაციის ნებისმიერი განვითარებისთვის, რომ საჭიროების შემთხვევაში, მოსახლეობას მაქსიმალურად გვერდით დავუდგეთ. განისაზღვრა მოხალისეების შერჩევის კრიტერიუმები და რაოდენობა. მოხალისე უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს: უნდა იყოს ახალგაზრდა ასაკის, პრაქტიკულად ჯანმრთელი, უნდა ჰქონდეს პირველადი დახმარების გაწევის შესახებ მინიმალური ცოდნა და უნდა შეძლოს გარკვეული დროით ოჯახისგან იზოლირებულად ყოფნა. მოხალისეების მობილური ჯგუფი დაკომპლექტდება მუნიციპალიტეტის თანამშრომლებისგან და მათი დახმარება საჭირო გახდება მხოლოდ კრიტიკული სიტუაციის დადგომის შემთხვევაში”, - განაცხადა დავით ბეგაშვილმა.

სამთავრობო უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს, ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების შესაბამისად, შეხვედრაზე ასევე განისაზღვრა რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელთა სამუშაო გრაფიკი. თანამშრომელთა ნაწილი გადავიდა 14-14 დღიან სამუშაო რეჟიმზე, ნაწილი კი დისტანციურზე.

 

2020-03-13

ნავიგაცია