Image

რუსთავში, მოხალისე Stopper-ები, ხანდაზმულ და რისკის ჯგუფში მყოფ ადამიანებს პროდუქტით და საჭიროების შემთხვევაში, მედიკამენტებით მომარაგებაში დაეხმარებიან. მოხალისეთა ონლაინ რეგისტრაცია რუსთავის მერიამ რამოდენიმე დღის წინ გამოაცხადა. მოხალისე- Stopper-ები რუსთავის 10 ტერიტორიულ ერთეულზე გადანაწილდებიან და რუსთავის მერიის ცხელ ხაზზე შემოსული შეტყობინების მიხედვით მოემსახურებიან რუსთაველებს.
მოხალისეთა მომსახურება მხოლოდ ტექნიკურ ხასიათს ატარებს, რაც საჭიროების შემთხვევაში, გაგზავნის და მოთხოვნილი პროდუქტის, თუ მედიკამენტის სახლში მიტანაში გამოიხატება.

,,ამ დროისთვის, მოხალისედ 125 ადამიანია დარეგისტრირებული, რეგისტრაცია გრძელდება. დღეს ვასრულებთ კორპუსების სადარბაზოებში საინფორმაციო ბანერების გამოკვრას, სადაც მითითებული იქნება ყველა საკონტაქტო ინფორმაცია. პირველ რიგში, მოხალისეები დაეხმარებიან სოციალური სასადილოებით მოსარგებლე, ასევე ხანდაზმულ და განსაკუთრებული რისკის ჯგუფში მყოფ ისეთ ადამიანებს, რომლებიც პროდუქტის და პირველადი მოხმარების საგნების შესაძენად ვერ ახერხებენ გარეთ გამოსვლას. ყველას, ვისაც აქვს ასეთი პრობლემა რუსთავში, შეუძლია დარეკოს მერიის ცხელ ხაზზე და მოხალისეები მზად არიან გაეგზავნონ მათ მაღაზიასა თუ აფთიაქში.“- განაცხადა რუსთავის მერიის სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა ცენტრის დირექტორმა გეგი ლიპარტელიანმა.

ყველა იმ რუსთაველმა, რომელსაც ასეთი სახის მომსახურება ესაჭიროება, არის ხანდაზმული ან მიეკუთვნება დაავადების რისკის ჯგუფს, პირველ რიგში, უნდა დარეკოს მერიის ცხელ ხაზზე (ტ. 0(341) 25 51 27, 25 51 83, 27 00 05;) და საკუთარი საჭიროების შესახებ, დეტალური ინფორმაცია უნდა მიაწოდოს ქოლ ცენტრის ოპერატორს, რის შემდეგაც, ცხელი ხაზი ინფორმაციას ავტომატურად გადასცემს მოხალისეთა იმ ჯგუფს, რომელიც კონკრეტულ ტერიტორიულ ერთეულზე იქნება მიმაგრებული.

2020-03-20

ნავიგაცია