Image

კორონავირუსის (COVID-19) პრევენციული ღონისძიებების პარალელურად, რუსთავში შეუფერხებლად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება.
აქტიურ ფაზაშია შესული ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტი, რომელიც ძველი რუსთავის ცენტრალური ქუჩის- კოსტავას გამზირის რეაბილიტაციას ითვალისწინებს.
ტერიტორიაზე უკვე შეცვლილია მიწისქვეშა კომუნიკაციები - სანიაღვრე და წყალსადენის სისტემები. დაიგო ასფალტის საფარი და რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია ჩაუტარდა შენობების ფასადებს. დაგეგმილია ფილაქნებით მოპირკეთებული ტროტუარების მოწყობა. გამზირის შუაგამყოფ ზოლში, კი მთელ გაყოლებაზე, სკვერები მოეწყობა.
პროექტის განხორციელების შემდეგ, რუსთავის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ლამაზი ქუჩა სრულად იქნება რეაბილიტირებული.
პროექტის ღირებულება 3 მლნ 700 000 ლარია.
მიმდინარე სამუშაოებს, დღეს რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა პირველ მოადგილესთან, ბესიკ ტოგონიძესა და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
პარალელურ რეჟიმში, შეუფერხებლად ხორციელდება ინფრასტრუქტურული პროექტები ქალაქის სხვა ლოკაციებზეც. მიმდინარეობს ავტოსადგომის რეაბილიტაცია, დაწყებულია ფასადების რეკონსტრუქციისა და გზის საფარის აღდგენის სამუშაოები ჭყონდიდელის დასახლებაში.
გზის საფარის აღდგენის სამუშაოები მიმდინარეობს წერეთლის ქუჩაზეც, სადაც ასფალტ-ბეტონის საფარი 11 ლოკაციაზე შეიცვლება.
აქტიურ ფაზაშია შესული კიდევ ერთი მსხვილი პროექტის- გიორგი ლეონიძის სახელობის სკვერის რეაბილიტაციაც, სადაც ულამაზესი რეკრეაციული სივრცე ეწყობა.
მიმდინარე წელს, რუსთავში, დაახლოებით 22 მილიონი ლარის პროექტების განხორციელებაა დაგეგმილი.
ამჟამად, სამუშაო 10 სხვადასხვა პროექტზე მიმდინარეობს.

2020-03-26

ნავიგაცია