Image

რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანის ხელმძღვანელობით, მორიგი სხდომა გამართა.
სხდომაზე, დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ 10 ძირითად საკითხზე იმსჯელეს.
საკრებულომ დაამტკიცა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში, აგრეთვე ცვლილება შეიტანა 2020 წლის ბიუჯეტში.
როგორც მომხსენებელმა, მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელმა, ლევან კავთიაშვილმა განმარტა,ქვეყანაში გავრცელებული ახალი კორონა ვირუსის პრევენციისა და მოსახლეობისთვის მხარდაჭერის ღონისძიებების გასატარებლად, ბიუჯეტიდან გამოვლენილი ეკონომიებიდან - 350,0 ათასი ლარი სარეზერვო ფონდში, ხოლო 4,5 ათასი ლარი - საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის მუხლში გადანაწილდა.
დღესვე საკრებულომ ცვლილება შეიტანა ,,ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანდაცვის უზრუნველყოფის ქვეპროგრამების წესების დამტკიცების შესახებ“ დადგენილებაში.
როგორც მომხსენებელმა, მერიის აპარატის ხელმძღვანელმა, ნინო ნიკოლავამ განმარტა, ახალი კორონა ვირუსის გამო შემქნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, დისტანცირების დაცვის მიზნით, ქვეპროგრამის განხორციელებისა და სარგებლობისთვის გადაწყვეტილების მიღება მოხდება ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ წარმოდგენილი აქტის მოთხოვნის გარეშე, რომელსაც ადგენენ მერის წარმომადგენლები მეზობლების გამოკითხვის შედეგად.
საკრებულოს გადაწყვეტილებით, მთავრობის დადგენილების შესაბამისად, ქვეყანაში შექმნილი ეპიდსიტუაციისა და მოსახლეობის დახმარების მიზნით, ფიზიკური პირები თავისუფლდებიან დასუფთავების მოსაკრებლის გადასახადისგან 2020 წლის მარტის, აპრილის და მაისის თვის ჩათვლით.
დეპუტატების გადაწყვეტილებით, საკრებულოში მოქმედ სპორტისა და ფიზიკური კულტურის საკითხების შემსწავლელ, ვეტერანების საკითხების შემსწავლელ და რუსთავის განვითარების, ტურიზმისა და საერთაშორისო ურთიერთობების საკითხების შემსწავლელ დროებით სამუშაო ჯგუფებს უფლებამოსილების ვადა ერთი თვით გაუხანგრძლივდათ.

2020-04-22

ნავიგაცია