Image

რუსთავში, ღია აგრარული ბაზრის გახსნისთვის შესაბამისი ტერიტორიის მომზადების პროცესს, დღეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი გაეცნენ.
პანდემიის პირობებში, აგრარული ბაზრის გასახსნელად საჭირო ინფრასტრუქტურის, სტანდარტების შესაბამისად მოწყობის თხოვნით, რუსთავის მერი მე-16 მიკრორაიონში არსებული ღია აგრარული ბაზრის ადმინისტრაციას რამოდენიმე დღის წინაც შეხვდა და ყველა ის მოთხოვნა გააცნო, რაც ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის აუცილებლად უნდა იყოს დაცული.
როგორც რუსთავის მერმა განაცხადა, რეკომენდაციები, რაც ბაზრის ადმინისტრაციას მოაწოდა, ნაწილობრივ უკვე შესრულებულია.
,,ამ ტერიტორიაზე, ღია აგრარული ბაზრის გახსნისთვის რეკომენდაციები ბაზრის ადმინისტრაციას რამოდენიმე დღის წინ პირადად გავაცანი. ეს არ არის ჩვენი პირველი შეხვედრა. რეკომენდაციების 60 პროცენტი ფაქტიურად შესრულებულია და არ ვფიქრობ, რომ დარჩენილი 40 პროცენტის შესრულება განსაკუთრებულ სირთულეს წარმოადგენს. ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას და ბაზრის ადმინისტრაციამ იცის, რომ ჩვენ თავიდან ბოლომდე ვიქნებით პროცესში ჩართულნი. მესმის, რომ რთულია, არ აქვთ მსგავსი სიტუაციის მართვის გამოცდილება, მაგრამ შეუძლებელი არაფერია და ყველა საჭირო სტანდარტი, რომელიც ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის არის აუცილებელი, უნდა იყოს დაცული. არ უნდა გამოვიდეს ისე, რომ დღეს ბაზარი გავხსნათ და ხვალ ვირუსის გავრცელების საშიშროების გამო ისევ დასახური გახდეს. მთავარია, რომ ყველა რეკომენდაცია შეასრულონ და დაიცვან აუცილებელი სტანდარტები “- განაცხდა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.
სწორი მენეჯმენტის წარმოების გზით, პანდემიის პირობებში აუცილებელი რეკომენდაციების დაცვის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილმა. როგორც მინისტრის მოადგილე აცხადებს, ამ ტერიტორიაზე სივრცე იძლევა საშუალებას, რომ ღია აგრარული ბაზარი სტანდარტების შესაბამისად მოეწყოს.
,,ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში დაიწყო ეკონომიკური აქტივობები. საუბარია ღია ტიპის აგრარული ბაზრის გახსნის საკითხზე. რუსთავში არსებული ეს სივრცე იძლევა ბაზრის გახსნის საშუალებას. სტანდარტები თითქმის დაცულია, პროცესში ჩართულია რუსთავის მერია და ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაცია. დარჩენილია მცირე ხარვეზები. ჩვენ დღეს მივუთითეთ ბაზრის ადმინისტრაციას ამ ხარვეზების შესახებ. ყველაზე მნიშვნელოვანი უკვე იქნება მენეჯმენტი. ერთი მხრივაა შესაბამისი ინფრასტრუქტურის მომზადება და ის სტანდარტები, რომელსაც სურსათის ეროვნული სააგენტო საზღვრავს და მეორე მხრივაა მენეჯმენტი, რომელმაც უნდა გააკონტროლოს სოციალური დისტანციის დაცულობა. ისე არ უნდა გავაკეთოთ, რომ დაგვავიწყდეს ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის შესასრულებელი რეკომენდაციები. რუსთავი დიდი ქალაქია და მოსახლეობას უნდა მიეცეს საშუალება უსაფრთხოდ შეიძინოს პროდუქტი ბაზარში, ასევე ფერმერებსაც უნდა ჰქონდეთ პროდუქტის რეალიზების შესაძლებლობა. როგორც ვთქვით, აქ მცირე ხარვეზებია გამოსასწორებელი, რომლებიც დღის ბოლომდეც შეიძლება რომ აღმოიფხვრას. ჩვენ კიდევ ერთხელ გადავამოწმებთ მდგომარეობას და ვფიქრობ, რომ თუ ყველა ეს ხარვეზი გამოსწორდება, ხვალიდან შესაძლებელი იქნება აქ ღია აგრარული ბაზარი გაიხსნას“- განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილმა.
ქვემო ქართლის გუბერნატორის, შოთა რეხვიაშვილის განცხადებით, ეს ტერიტორია უკვე რამოდენიმე დღეა, მზადდება ღია აგრარული ბაზრის მოსაწყობად და იმ შემთხვევაში, თუ ყველა ის მოთხოვნა იქნება დაცული, რასაც ბაზრის ადმინისტრაციას უყენებენ, ხვალიდან ბაზრის გახსნა შესაძლებელი იქნება.
,,ჩვენ შეძლებისდაგვარად მოვამარაგებთ პირბადეებით, დილიდან აქ იქნებიან მუნიციპალიტეტის თანამშრომლები და მოხალისეები, მაქსიმალურად დავეხმარებით და თუ ყველა იმ მოთხოვნას შეასრულებენ, რომელსაც ბაზრის ადმინისტრაციას ვუყენებთ, დიდი სურვილი გვაქვს, რომ ხვალიდან ბაზარმა ფუნქციონირება დაიწყოს და რუსთაველებმა შეძლონ, შეიძინონ პროდუქტი კომფორტულად და უსაფრთხოდ. ჩვენ გვაქვს ამის გამოცდილება მარნეულში და აქაც ყველა სტანდარტის დაცვით ვიმოქმედებთ“-განაცხადა ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა.

2020-04-30

ნავიგაცია