Image

რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში საწარმოო პროცესს გაეცნენ.
ქარხანაში არსებული ვითარების შესახებ ხელისუფლების წარმომადგენლებს ქარხნის გენერალური დირექტორი, ნუგზარ კაჩუხაშვილი ესაუბრა.

ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობისა და კოვიდ 19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით გატარებული ღონისძიებების მიუხედავად, რუსთავის მეტალურგიული ქარხანა, რომელიც აღნიშნული მიმართულებით, კავკასიის რეგიონში, ერთ–ერთი ყველაზე მსხვილი წარმოებაა, საქმიანობას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული რეკომენდაციების სრული დაცვით აგრძელებს.
ქარხანაში 1500 ადამიანია დასაქმებული, მათგან 300 დისტანციურად, ხოლო დანარჩენი - 4 ცვლაში, ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.

ახალი კორონა ვირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციისათვის, თანამშრომელთა ჯანმრთელობის დაცვისა და ქარხანაში გადაადგილების განსაკუთრებული რეჟიმი დაწესდა,
ქარხნის ტერიტორიაზე დამონტაჟდა ხელის დისპენსერები, საწარმოში ტარდება მუდმივი საპროფილაქტიკო სადეზინფექციო სამუშაოები, ასევე, სპეციალური ხსნარებით, ყოველდღიურად მუშავდება ტრანსპორტიც, რომლითაც თანამშრომელთა გადაყვანა ხორციელდება, ყველა დასაქმებული უზრუნველყოფილია პირბადითა და ხელთათმანებით, ტარდება მუდმივი თერმოსკრინინგი.

2020-04-30

ნავიგაცია