Image

ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს რეკომენდაციების სრული დაცვით ხორციელდება ინფრასტრუქტურული პროექტები რუსთავში.

დღეს მიმდინარე სამუშაოები რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა, მერის მოადგილე ბესიკ ტოგონიძემ და ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე ზვიად ჭუნაშვილმა დაათვალიერეს.

დასასრულს უახლოვდება ერთ-ერთი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტის- კოსტავას გამზირის რეაბილიტაცია, რომელიც გასული წლის ნოემბერში დაიწყო. აქ სამუშაოების 90 პროცენტი უკვე შესრულებულია. პროექტი ორ ნაწილად იყო გაყოფილი. პირველი- ფასადების რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციას ისახავდა მიზნად. მეორე პროექტით კი, რომელიც ამჟამად ხორციელდება, ტერიტორიაზე მთლიანად შეიცვალა სანიაღვრე და საკანალიზაციო სისტემა, განახლდა ასფალტის საფარი, შუაგამყოფ ზოლში, კი რეკრეაციული სივრცის მოწყობა მიმდინარეობს.
დასასრულს უახლოვდება სპეციალური ფილებით ტროტუარების მოპირკეთების სამუშაოებიც.
პროექტის დასრულების შემდეგ, ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე ძველი ქუჩა, მთლიანად რეაბილიტირებული იქნება.

დღესვე, ქალაქის მერმა ქვემო ქართლის გუბერნატორთან ერთად, გიორგი ლეონიძის სახელობის სკვერში მიმდინარე სამუშაოებიც დაათვალიერა.
პროექტის განხორციელება მიმდინარე წლის მარტში დაიწყო და შემოდგომაზე უნდა დასრულდეს. ამ ტერიტორიაზე, 4 ჰექტარ მიწის ფართობზე, მრავალფუნქციური თანამედროვე პარკის მოწყობაა დაგეგმილი. პროექტის დასრულების შემდეგ, ქალაქს კიდევ ერთი თანამედროვე სტანდარტების რეკრეაციული სივრცე შეემატება.

პარალელურად, აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები მტკვრის მარცხენა სანაპიროს გზებსა და შიდა ეზოებშიც, სადაც პროექტის მიხედვით, სანიაღვრე სისტემის და ასფალტის საფარის რეაბილიტაცია 11 ლოკაციაზე უნდა ჩატარდეს.
პროექტის განხორციელება მიმდინარე წლის იანვარში დაიწყო და ზაფხულში უნდა დასრულდეს.

დღესვე, ქალაქის მერმა და ქვემო ქართლის გუბერნატორმა ჩერკასის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოებიც დაათვალიერეს. პროექტით ტროტუარების მოწყობაა გათვალისწინებული.
სამუშაოები მიმდინარე წლის მარტში დაიწყო და ზაფხულში დასრულდება.

2020 წელს, რუსთავში, დაახლოებით 22 მილიონი ლარის პროექტების განხორციელებაა დაგეგმილი.

2020-05-11

ნავიგაცია