Image

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის ლევან ონიანის ხელმძღვანელობით, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს სხდომათა დარბაზში, საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა.
საკრებულოს სხდომის ფარგლებში, დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული თხუთმეტი ძირითადი საკითხი განიხილეს.
საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა, იმსჯელეს და დადებითი რეკომენდაცია მისცეს, რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ველოსიპედით გადაადგილების სტრატეგიის დოკუმენტს, რომლის ძირითადი მიზანია ქალაქში შეიქმნას უსაფრთხო ველობილიკები და განვითარდეს ველოსატრანსპორტო ინფრასტრუქტურა.
დეპუტატების გადაწყვეტილებით, ცვლილებები შევიდა რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვის ყოფნის და სამართალდარღვევის საჯარიმო ქვითრის შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესებში.
ცვლილების თანახმად, როგორც ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის აპარატის ხელმძღვანელმა ნინო ნიკოლავამ განაცხადა, უმეთვალყურეოდ დარჩენილ წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვის სამართალდარღვევის შესახებ ოქმის შედგენის, პირუტყვის სპეციალურ ადგილზე გადაყვანის და მისი მოვლა-პატრონობის უფლებამოსილება მიენიჭა ააიპ „რუსთავსერვის ცენტრს“.
სხდომაზე ასევე დეპუტატებმა, რუსთავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხა დაამტკიცეს.რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსის, არჩილ ძამაშვილის განცხადებით, ვადის ამოწურვის გამო, სამი თვის ვადით შეიქმნა ტურიზმის და საერთაშორისო ურთიერთობების და ვეტერანების საკითხების შემსწავლელი დროებითი სამუშაო ჯგუფები, ხოლო ახალგაზრდულ და ტრანსპორტის საკითხების შემსწავლელ დროებით სამუშაო ჯგუფებს, ერთი თვით გაუგრძელდათ უფლებამოსილების ვადა.

2020-05-21

ნავიგაცია