Image

რუსთავში, ისტორიული ციხის კონსერვაცია-რეაბილიტაციის პროცესი განახლდა, პარალელურად ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრებიც მიმდინარეობს.

რუსთავის ციხეზე დაწყებული სამუშაოების მიმდინარეობას, დღეს ქალაქის მერი ირაკლი ტაბაღუა გაეცნო.

რუსთავის ციხეზე სარესტავრაციო სამუშაოების დაწყებამდე, ქალაქის ისტორიულმა მუზეუმმა რუსთავის ციხის მართვის სტრატეგია წარუდგინა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს.

,,რუსთავის ციხეზე მიმდინარეობს კონსერვაცია-რეაბილიტაციის სამუშაოები, ამის პარალელურად, კი რუსთავის ისტორიული მუზეუმის ექსპედიცია არქეოლოგიურ გათხრებს აწარმოებს. ციხის რესტავრაციის დაწყებამდე დაიწერა ციხის მართვის სტრატეგია, რომლის საფუძველზეც მოხდა რეაბილიტაციის პროექტის შემუშავება და სამუშაოების დაფინანსება. ეს არის გრძელვადიანი პროექტი. პარალელურად, დამატებით გამოიყოფა თანხა რუსთავის ციხის მოვლა-პატრონობისთვის. რუსთავის მუზეუმში 32 ათასი უძველესი ექსპონატი ინახება და ყოველ წელს, არქეოლოგიური გათხრების შედეგად, ჩვენს მუზეუმს საინტერესო და უძველესი ექსპონატები ემატება, რაც ქალაქის სიძველეზე, ტრადიციებზე და ისტორიაზე მეტყველებს“, - განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.

რუსთავის ისტორიული მუზეუმის დირექტორის ნაზი პაჭიკაშვილის განცხადებით, ციხის ტერიტორიაზე, ბოლო პერიოდში არაერთი საინტერესო ექსპონატი იქნა აღმოჩენილი.

,,მუშაობა მოგვიწია ციხის ჩრდილოეთ უბანზე ეგრეთწოდებულ მე-17-ე თხრილში, სადაც გამოვლინდა სამეურნეო ორმო, სამი თონე, ქვევრი შესაბამისი არქეოლოგიური მასალით, მრავალფეროვანი და მრავალრიცხოვანი თიხის ჭურჭელი, ლითონის, მინის სამაჯურები, მძივები და აშ. აღმოჩენილი ექსპონატები მე-6-ე საუკუნიდან, 13-ე საუკუნის პერიოდს მიეკუთვნება “-განაცხადა ნაზი პაჭიკაშვილმა.

რუსთავის ციხეზე კონსერვაცია-რეაბილიტაციის სამუშაოებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ მომზადებული პროექტის მიხედვით, შპს ,,ტაო-ტბელი“ ასრულებს. პროექტს “ქართუ ფონდი“ აფინანსებს.

2020-06-10

ნავიგაცია