Image

რუსთავის ისტორიულ ციხესთან, სადაც ამჟამად სარესტავრაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რუსთაველმა არქეოლოგებმა ჩვ. წ. აღ.-მდე XV-XIV საუკუნეების სამარხი, ადამიანის ნეშტი და სხვადასხვა სახის ექსპონატები აღმოაჩინეს.

ამ სიძველის ნაშთები, რუსთავის ტერიტორიაზე პირველად იპოვეს.
სამარხი თრიალეთის კულტურის მიწურულს ეკუთვნის.
იმის გარდა, რომ რამდენიმე დღის წინ ნანახი სამარხი თავისი სიძველითაა საინტერესო, ეს აღმოჩენა, იმის ვარაუდის საფუძველსაც იძლევა, რომ თრიალეთის ბრწყინვალე კულტურა, რუსთავამდე ვრცელდებოდა.

სამარხში, ადამიანის ნეშტის გარდა, თიხის 9 თასი, მინის და სარდიოლის მძივები, ბრინჯაოს საკინძი და სხვადასხვა ცხოველის ნაშთები აღმოაჩინეს.

აღსანიშნავია, ერთ-ერთი არტეფაქტი, რომელზეც ეგრეთწოდებული სავაჭრო შტამპის კვალია შემორჩენილი, რაც ამ ტერიტორიაზე განვითარებული ცივილიზაციის არსებობაზე მეტყველებს. გვიანბრინჯაოს და ადრე რკინის ხანის არტეფაქტები, დღეს უკვე რუსთავის ისტორიულ მუზეუმშია და პალეობოტანიკოსების და ანთროპოლოგების კვლევებისთვის მზადაა.

არქეოლოგების მიერ ნანახი არტეფაქტები, დღეს რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ დაათვალიერა.

რუსთავის ისტორიულ ციხესთან, წელს წარმოებული არქეოლოგიური ექსპედიციის შედეგად, ბოლო აღმოჩენის გარდა, ჩვენი წელთაღრიცხვის XII-XIII საუკუნეებით დათარიღებული ექსპონატები- ულამაზესი ორნამენტებით გაფორმებული ჭურჭელიცაა ნანახი.

არქეოლოგიური კვლევა რუსთავის ციხის ტერიტორიაზე გაგრძელდება და როგორც ქალაქის ისტორიული მუზეუმის დირექტორი ნაზი პაჭიკაშვილი აცხადებს, უკვე ნანახი ექსპონატები იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ კიდევ უფრო ქვედა ფენებში, რუსთავის მიწა ისტორიული მნიშვნელობის არაერთ ექსპონატს ინახავს.

არქეოლოგიურ გათხრებს რუსთავის მერია, ისტორიულ ციხეზე მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაოებს, კი ,,ფონდი ქართუ“ აფინანსებს.

2020-06-25

ნავიგაცია