Image

რუსთავის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოში საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი უძღვებოდა.
დღევანდელ სხდომაზე დეპუტატებმა 2020 წლის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს.
როგორც მომხსენებელმა, მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელმა, ლევან კავთიაშვილმა განმარტა, საქართველოს მთავრობის განკარგულებით, დაზუსტდა რუსთავის მუნიციპალიტეტისთვის გათვალისწინებული ტრანსფერი და ტენდერებიდან დარჩენილი ეკონომიების გათვალისწინებით, მოხდა მისი შემცირება 904,9 ათასი ლარით.
ბიუჯეტში დაფიქსირებულმა ეკონომიებმა და გამოთავისუფლებულმა თანხებმა შეადგინა 174,3 ათასი ლარი , რითაც ქალაქში ორი ქუჩის რეაბილიტაცია იგეგმება.
საერთო ჯამში, 2020 წლის ბიუჯეტი როგორც შემოსულობების, ისე გადასახდელების ნაწილში, განისაზღვრა 64 341,2 ათასი ლარით.
დღესვე საკრებულომ დაამტკიცა რუსთავის გამჭვირვალობისა და კეთილსინდისიერების ამაღლების სტრატეგიის 2020-2022 წლების სამოქმედო გეგმისა და მონიტორინგის შეფასების ჩარჩო დოკუმენტი.
აღნიშნული დოკუმენტები შემუშავებული იქნა გაეროს განვითარების პროექტის ,,დეცენტრალიზაციისა და კარგი მმართველობის ხელშეწყობა ადგილობრივ დონეზე“ ფარგლებში.
ძირითად პრიორიტეტად განსაზღვრულია ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლების მუშაობის ხარისხის გაუმჯობესება, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის თვალსაზრისით ეფექტიანი, გამჭვირვალე და მაღალ ხარისხზე და შედეგზე ორიენტირებული სოციალური პროგრამების დანერგვა, ასევე არქიტექტურისა და ზედამხედველობის კუთხით კეთილსინდისიერების და ანგარიშვალდებულების ამაღლება.
დღესვე ცვლილება შევიდა რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებულ სოციალური უზრუნველყოფის ქვეპროგრამების სახელწოდებებში.
აღნიშნული ცვლილების საფუძველია რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის, სოციალური მომსახურების, განათლების და ახალგაზრდული განვითარების სამსახურის სახელწოდების ცვლილება, რომელსაც 2020 წლის 1 ივნისიდან დაერქვა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მხარდაჭერის სამსახური.
საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 10 საკითხი დაამტკიცეს.

2020-06-30

ნავიგაცია