Image

რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე, რომელსაც ადგილობრივ ბიზნესმენებთან ერთად, რუსთავის ინოვაციების ჰაბის ხელმძღვანელი რევაზ ბარბაქაძე ესწრებოდა, ბიზნესმენთა მრჩეველთა საბჭოს შექმნის დეტალებზე, ასევე, კერძო, საჯარო და საგანმანათლებლო სექტორებს შორის ურთიერთანამშრომლობაზე ისაუბრეს.

მსგავსი სამუშაო შეხვედრა, მიმდინარე წლის მარტში, პროფესიულ კოლეჯ ,,მოდუსში“ ჩატარდა, სადაც ბიზნესმენთა მრჩეველთა საბჭოს დებულების პრეზენტაცია გაიმართა.

საბჭოს შექმნის ინიციტივა, რუსთავის მერს ირაკლი ტაბაღუას ეკუთვნის.
როგორც ირაკლი ტაბაღუამ დღევანდელ შეხვედრაზე განაცხადა, ადგილობრივ თვითთმმართველობასთან ჩამოყალიბდება ბიზნესმენთა მრჩეველთა საბჭო, რომლის წევრებიც, ქალაქის სტრატეგიული განვითარების გეგმის შემუშავებასა და განხორციელებაში აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ.

ბიზნესმენთა საკონსულტაციო საბჭოს შექმნაზე მუშაობა რამდენიმე თვის წინ დაიწყო, თუმცა პანდემიის გამო შექმნილმა მდგომარეობამ ეს პროცესი შეაფერხა.

რუსთავის ინოვაციების ჰაბის ხელმძღვანელ რევაზ ბარბაქაძის განცხადებით, დაგეგმილია ბიზნესმენთა საკონსულტაციო საბჭოს დებულების დამტკიცება და სამოქმედო გეგმის შემუშავება. ჩეხ პარტნიორებთან ერთად ხორციელდება პროექტი, რომლის მიზანიც არის თანამშრომლობის ქსელის შექმნა კერძო, საჯარო და საგანმანათლებლო სექტორებს შორის უმუშევრობის შესამცირებლად.

შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ სტრატეგიული დოკუმენტისთვის საბოლოო სახის მიცემა და რუსთავის რეალობაზე მორგება, ქალაქის ბიზნესსექტორის უშუალო ჩართულობით მოხდება.

 

2020-07-02

ნავიგაცია