Image

საქართველოში გაეროს მუდმივი კოორდინატორი და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენელი ლუიზა ვინტონი რუსთავის მოხუცთა სახლს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანთან, რუსთავის მერ ირაკლი ტაბაღუასთან და მერის მოადგილე გოჩა ლორიასთან ერთად, პირადად ესტუმრა.

ლუიზა ვინტონმა მოხუცთა სახლს, სამედიცინო და საყოფაცხოვრებო აღჭურვილობა, მათ შორის ჟანგბადის კონცენტრატორი, მაცივრები, გაზქურა, სამზარეულოს სავენტილაციო სისტემა და მინიტრაქტორი გადასცა.

მისი განცხადებით, უსახლკარო და ოჯახის ზრუნვას მოკლებული ადამიანებისთვის კორონავირუსის პანდემია განსაკუთრებულ საფრთხეს წარმოადგენს. UNDP-ის მიზანია, თავშესაფრების უსაფრთხოებისა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება, ხოლო პანდემიის შემდგომ პერსპექტივაში, გრძელვადიანი სისტემური გადაწყვეტილებების მოძიება მოწყვლადი მოსახლეობის დასახმარებლად.

აღნიშნული საყოფაცხოვრებო ტექნიკისა და სამედიცინო აღჭურვილობის შეძენა, გაეროს განვითარების პროგრამის(UNDP) ინიციატივით, დანიის მთავრობისა და გაეროს პანდემიაზე რეაგირებისა და აღდგენის ფონდის ფინანსური ხელშეწყობით განხორციელდა.

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პირველივე დღეებიდან გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) პანდემიასთან ბრძოლისა და ამ მხრივ, საქართველოს ხელშეწყობის მოწინავე ხაზზეა.

ქვეყანაში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, გაეროს განვითარების პროგრამამ ცვლილებები შეიტანა მიმდინარე პროექტებში, რომელთა ჯამური ღირებულება წელიწადში 20 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს და გამოთავისუფლებული რესურსები პანდემიის დროს წარმოქმნილი საჭიროებების დაკმაყოფილებას მოახმარა.

სხვა ინიციატივებს შორის, UNDP აქტიურად ეხმარება ადგილობრივ მუნიციპალიტეტებსა და მოსახლეობას.
დახმარებას, დანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროგრამის ფარგლებში, UNDP რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან თანამშრომლობით ახორციელებს. პროგრამის მიზანია საქართველოში დეცენტრალიზაციისა და კარგი მმართველობის ხელშეწყობა, ხოლო მისი მთლიანი ბიუჯეტი 4 მილიონ აშშ დოლარს აღემატება.

2020-08-07

ნავიგაცია