Image

რუსთავში, 17 სექტემბერს ,,რუსთავქალაქობა 2016“ აღინიშნება.

სხვადასხვა სახის კულტურული, სპორტული და გასართობი ღონისძიებები  ქალაქში დილიდან დაიწყება. ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მთელი დღის განმავლობაში მოეწყობა საბავშვო ატრაქციონები, გამოფენები და კონცერტები, ხოლო რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკი სპორტის სხვადასხვა სახეობაში ტურნირებს უმასპინძლებს.

სადღესასწაულო ღონისძიებების ფარგლებში, მოქანდაკეთა სიმპოზიუმის ფარგლებში შექმნილი ქანდაკებების პრეზენტაცია  გაიმართება. კოსტავას გამზირზე ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების, ხოლო თავისუფლების მოედანზე რუსთავთან დამეგობრებული ქალაქების კუთხეები მოეწყობა. მხატვრები რუსთავის ხედების გრაფიკულ და ფერწერულ ნამუშევრებს შექმნიან.  რუსთაველებს  მთელი დღის განმავლობაში Free photo - ს აპარატით სურათების გადაღება და კარიკატურისტებისგან პორტრეტების მიღება უფასოდ შეეძლებათ.   

16:00 საათზე, ცენტრალურ მოედანზე, მთავარ სცენაზე ტრადიციულად, საპატიო რუსთაველების დაჯილდოების ცერემონია, ხოლო მოგვიანებით გაიმართება კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას „ნიკოლშოუ“ , ნოდიკო ტატიშვილი, დათუნა მგელაძე, კახა კუხიანიძე, ვერიკო ტურაშვილი, ნინო ძოწენიძე, თიკა ჯამბურია, ოთო ნემსაძე, ნინი წიკლაური, გიორგი ჩიქოვანი, თემო საჯაია, ელენე ფოჩხუა, ბოკა და რუსა კვეკვესკირები, სალომე ბაკურაძე, ანი კეკუა მიიღებენ.

18:30 საათიდან, ცენტრალურ სცენას ჯგუფი "მგზავრები" დაიკავებენ, 20:30 საათიდან კი რუსთაველების წინაშე ქართული ნაციონალური ბალეტი – ანსამბლი „სუხიშვილები“ 1 საათიანი პროგრამით წარდგებიან.  

,,რუსთავქალაქობა 2016“ის ფარგლებში, სხვადასხვა სახის ღონისძიება გაიმართება 15 და 16 სექტემბერსაც. ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, 15 სექტემბერს, ყველა საჯარო სკოლის შესასვლელი ჰელიუმიანი ბუშტებით გაფორმდება, 17:00 საათზე, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, 2015-2016 სასწავლო წლის წარჩინებული მოსწავლეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართება. 18:00 საათზე ჯგუფ „say hallo“-სა და  DJ გიგა პაპასკირის მონაწილეობით კონცერტი ჩატარდება. ამავე დღეს მოეწყობა ფერების ფესტივალი.

16 სექტემბერს აქცია „მე+რუსთავი“  ფარგლებში, დასუფთავების ღონისძიება  გაიმართება, რუსთაველი მხატვრები კულტურისა და დასვენების პარკში არსებული ამფითეატრის სცენის კედელს, ხოლო სამხატვრო სკოლის მოსწავლეები კულტურისა და დასვენების პარკის წმინდა ნინოს ქუჩიდან ჩასასვლელ კიბეებს მოხატავენ. გონაშვილის სახელობის სკვერში, რუსთავთან დაკავშირებული ისტორიული და თანამედროვე ფოტოების გამოფენა მოეწყობა. ამ დღეს ქალაქის სამ უბანში კერძოდ: 18:00 საათზე მეგობრობის გამზირზე, ხოლო 17:00 საათზე ჭყონდიდელის დასახლებასა და კულტურისა და დასვენების პარკში კონცერტები გაიმართება. დღის ბოლოს, პარკში არსებულ ტბაში ტივტივიანი 100 მანათობელი ფრანი გაიშვება.

რუსთავქალაქობის ფარგლებშივე, გამოვლინდება 10 საუკეთესო ეზო, რომლის მცხოვრებლებსაც ქალაქის მერიისგან საჩუქრად ეზოს მაგიდები გადაეცემათ.

„რუსთავქალაქობა-2016“-ს 17 სექტემბერს, 20:00 საათზე, გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდება. რუსთავქალაქობა წელს მეთვრამეტედ აღინიშნება.

იხილეთ პროგრამა ქვემოთ მითითებულ ბმულზე"

რუსთავქალაქობა –2016

2016-09-14

ნავიგაცია