Image

რუსთავში ერთ-ერთი ისტორიული შენობის - ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ხელოვნების სასწავლებლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
ქალაქის პირველი სამუსიკო სასწავლებელი, რომლის საკონცერტო დარბაზიც, სპეციალისტების აზრით, ერთ-ერთი უნიკალურია თავისი აკუსტიკით, ათეული წლებია არ გარემონტებულა.
სარეაბილიტაციო სამუშოები აქ მიმდინარე წლის ოქტომბერში დაიწყო.
პროექტის მიმდინარეობას, დღეს რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა და მერის პირველი მოადგილე ბესიკ ტოგონიძე გაეცნენ.
საკონცერტო დარბაზის რეაბილიტაციის გარდა, პროექტის ფარგლებში, გარემონტდება შენობის პირველი სართული, მოეწყობა გათბობის, ვენტილაციისა და სახანძრო უსაფრთხოების სისტემები.
სამუსიკო სკოლის დიდ დარბაზში შიდა სარემონტო და განათება-გახმოვანებისთვის საჭირო სამუშაოები ჩატარდება, მთლიანად შეიცვლება სანტექნიკისა და ელექტროგაყვანილობის ქსელებიც.
ინფრასტრუქტურული პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 529 001 ათასი ლარია. სამუშაოები 2021 წლის მარტში უნდა დასრულდეს.
ხელოვნების სკოლა 1961 წელს აშენდა და ქალაქის ერთ-ერთი უძველესი შენობაა.
პროექტი ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.

2020-11-19

ნავიგაცია