რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ქავთარაძემ ევროპის საბჭოს კონგრესის საწესდებო ონლაინ ფორუმში მიიღო მონაწილეობა

  • 2021-02-14
Image

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) აღმასრულებელი საბჭოსა და ევროპის საბჭოს კონგრესის წევრმა, ნინო ქავთარაძემ, კონგრესის საწესდებო ონლაინ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.
ფორუმზე, რომელიც კონგრესის პრეზიდენტმა - ანდერს კნაპემ გახსნა, ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე, ახალგაზრდების ჩართულობაზე წევრ ქვეყნებში, ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტიის მონიტორინგსა და ბუდაპეშტისთვის დედაქალაქის სპეციალური სტატუსის მინიჭებაზე იმსჯელეს.
კონგრესის ონლინ ფორუმზე ნინო ქავთარაძემ, უნგრელ კოლეგებს დედაქალაქისთვის განსაკუთრებული სტატუსის მინიჭება მიულოცა და ევროსაბჭოსა და კერძოდ, კონგრესის მონიტორინგის კომიტეტს, საქართველოსთან კოორდინირებული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.
,,ვულოცავთ უნგრელ კოლეგებს ქალაქისთვის განსაკუთრებული სტატუსის მინიჭებას, ასეთი ფორმით ქვეყნის მთავრობა უფრო ეფექტიანად შეძლებს წარმატებული ნაბიჯები გადადგას ადგილობრივი მმართველობის განვითარების მხრივ. ასევე, მინდა საქართველოს სახელით, მადლიერება და სრული მხარდაჭერა გამოვხატო კონგრესის მონიტორინგის კომიტეტისადმი, რომელიც ახორციელებს ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტიის შესრულების მონიტორინგს და რომლის საქმიანობაც წევრ სახელმწიფოებს საშუალებას აძლევს, დროულად გამოავლინონ ადგილობრივი მმართველობის განხორციელებისას არსებული ხარვეზები და ეფექტურად დაძლიონ არსებული გამოწვევები“, - აღნიშნა ევროპის საბჭოს კონგრესის წევრმა, ნინო ქავთარაძემ.