განცხადებები

პროექტის - ,,ტურისტული ბიზნესის განვითარება ქვემო ქართლში, როგორც სიღარიბის დაძლევისა და შემოსავლების გენერირების საშუალება“, შედეგების პრეზენტაცია

  • 2021-04-02
Image

რუსთავში, პროექტის - ,,ტურისტული ბიზნესის განვითარება ქვემო ქართლში, როგორც სიღარიბის დაძლევისა და შემოსავლების გენერირების საშუალება“, შედეგების პრეზენტაცია გაიმართა.

ღონისძიების ფარგლებში, რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკის ტერიტორიაზე ,,ტურისტული სოფელი“ მოეწყო, სადაც ქვემო ქართლის 7 მუნიციპალიტეტის 60-მდე მცირე მეწარმის მიერ წარმოებული საკვები პროდუქტისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა, ასევე, ქვემო ქართლის რეგიონის სამზარეულოს გაცნობის მიზნით, Workshop - ,,ისწავლე კეთებით, მოამზადე და დააგემოვნე“ ჩატარდა.

ღონისძიებას, რუსთავის მერის მოადგილე კახა გურული, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი, თავმჯდომარის მოადგილეები ნინო ქავთარაძე და დავით რეხვიაშვილი, ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის, ადგილობრივი ხელისუფლების, დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

ამავე ღონისძიების ფარგლებში, ორგანიზაცია ,,საქართველოს აზერბაიჯანელ ქალთა კავშირი“-ს მიერ განხორციელებული პროექტის -„სოფლად მცხოვრები ქალები ინკლუზიური და სამართლიანი ადგილობრივი განვითარებისათვის“, ასევე ქვემო ქართლის მეწარმე ქალთა მონაწილეობით, "ტრანსსასაზღვრო პავილიონის" და "მეწარმე ქალთა ქსელის" პრეზენტაციები მოეწყო.

გაეროს განვითარების პროგრამის FRLD 2 ფარგლებში კი წარმოდგენილი იქნა ქვემო ქართლის მუნიციპალური პროექტების ინიციატივების შედეგების პრეზენტაცია.

პროექტი - ,,ტურისტული ბიზნესის განვითარება ქვემო ქართლში, როგორც სიღარიბის დაძლევისა და შემოსავლების გენერირების საშუალება“, ორგანიზაციამ ,,ტურიზმი და რეალობა“, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა.

პროექტისა და ღონისძიების მონაწილეებს, შედეგების პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, სერთიფიკატები გადაეცათ.

ორგანიზატორების განცხადებით, ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა ქვემო ქართლის ტურისტული რესურსის, მცირე ბიზნესების მხარდაჭერა და შიდა ტურიზმის განვითარების სტიმულირება რუსთავის, გარდაბანის, მარნეულის, თეთრიწყაროს, წალკის, დმანისის და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში.