Image

რუსთავში, მდებარე შპს „Construction Service“ –მა“, რომელიც  ფოლადისა და ლითონკონსტრუქციების წარმოებაზეა ორიენტირებული, სახელმწიფო პროგრამა  „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, წარმოების გაფართოება და გადაიარაღება შეძლო.

გაფართოებული საწარმო, დღეს, საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭირიშვილთან,  ქვემო-ქართლის გუბერნატორ პაატა ხიზანაშვილთან და რუსთავის მერ დავით ჯიქიასთან ერთად დაათვალიერა.  მინისტრი სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნო და საწარმოს ხელმძღვანელობას გაესაუბრა.

კომპანია, რომელიც  ლითონისა და ფოლადის ნაკეთობების აწყობა–მონტაჟს ახორციელებს, ევრო 4 სტანდარტის უახლეს საავტომობილო ამწეებს, კალათებსა და სხვადასხვა სამონტაჟო საშუალებას ფლობს. საწარმო სრული სიმძლავრით ამუშავებისას 108 ადამიანს დაასაქმებს. ის სამომავლოდ პროდუქციის ექსპორტზე გატანასაც გეგმავს.

შპს „Construction Service“, პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერის კომპონენტით სარგებლობს. პირველი 2 წლის განმავლობაში პროცენტის თანადაფინანსებას მეწარმეობის განვითარების სააგენტო მოახდენს, ხოლო სააგენტოს დახმარებით განხორციელებული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 360,000 ლარს შეადგენს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 2014 წლის ივნისიდან, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და სოფლის მეურნეობის სამინისტროების მიერ ახალი სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ განხორციელება დაიწყო.  აღნიშნული პროგრამის ძირითად დანიშნულებას მეწარმე-სუბიექტების მხარდაჭერის, ახალი საწარმოების შექმნის/არსებული საწარმოს გაფართოების ან გადაიარაღების გზით საქართველოში სამეწარმეო კულტურის განვითარება და საექსპორტო პოტენციალის ზრდა წარმოადგენს.

პროგრამის ფარგლებში უკვე მხარდაჭერილია 204  პროექტი, რომელთა საერთო ინვესტიციის მოცულობა შეადგენს 444 400 000 მილიონ ლარს, ხოლო ჯამურად დასაქმდება 10 000-ზე მეტი ადამიანი.

2016-09-27

ნავიგაცია