განცხადებები

დიმიტრი ქუმსიშვილმა რუსთავში საწარმო „ჯი-არ-სი“ დაათვალიერა

  • 2016-09-27
Image

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი ქვემო-ქართლის გუბერნატორ პაატა ხიზანაშვილთან და რუსთავის მერ დავით ჯიქიასთან ერთად, დღეს, რუსთავში მდებარე საწარმო „ჯი-არ-სი“ იმყოფებოდნენ. ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა საწარმო დაათვალიერეს და წარმოების პროცესს გაეცნენ.

შპს “ჯი-არ-სიმ”, რომელიც დათბუნებული გადახურვის მასალებს, კედლის პანელებს, ასევე, სენდვიჩპანელებს აწარმოებს, ახალი საწარმო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით გახსნა. სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში,  კომპანიამ პროდუქციის ასორტიმენტის გაზრდა შეძლო. „ჯი-არ-სი“ წარმოებული პროდუქციით ამ დროისთვის, ადგილობრივ ბაზარს ამარაგებს, თუმცა ახლო მომავალში,  პროდუქციის 15%-ის ექსპორტზე გატანას გეგმავს. საწარმოში ამჟამად 60 ადამიანია დასაქმებული.

შპს „ჯი-არ-სი“, „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ფინანსური  მხარდაჭერით სარგებლობს. კომპანიაში პირველი 2 წლის განმავლობაში პროცენტის თანადაფინანსებას მეწარმეობის განვითარების სააგენტო განახორციელებს, ხოლო სააგენტოს დახმარებით განხორციელებული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 4,800,00 ლარს შეადგენს.