რუსთავში, რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

  • 2021-07-08
Image

რუსთავში, ქალაქის ერთ-ერთი ძველი უბნის - რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია.
პროექტის ფარგლებში, ტროტუარების მოწყობის პარალელურად, საცხოვრებელი კორპუსების ფასადების სარესტავრაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
ინფრასტრუქტურული პროექტის მიხედვით გათვალისწინებულია რუსთაველის ქუჩის #4, #8, #12, #16 და ჭავჭავაძის ქუჩის #6, #8 საცხოვრებელი კორპუსების ფასადების რეაბილიტაცია და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა. სრულად აღდგება კორპუსების ფასადები და დამონტაჟდება დეკორატიული განათებები.
რეაბილიტაცია ჩაუტარდება საცხოვრებელი შენობების მიმდებარე ტერიტორიას - დეკორატიული ფილებით მოპირკეთდება ტროტუარები, მოეწყობა დაწნეხილი ბეტონის ბორდიურები, გაზონები და სარწყავი სისტემა, გზის სავალ ნაწილსა და ტროტუარებს შორის განთავსდება ლითონის დეკორატიული ღობე, განახლდება გარე განათების ქსელი.
რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაცია რამდენიმე ეტაპად განხორციელდება. ამჟამად, ისტორიული უბნის რესტავრაციის პირველი ეტაპი მიმდინარეობს.
პროექტის ღირებულება 2 მლნ 400 000 ლარია და რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება.