რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ რიგგარეშე სხდომა გამართა

  • 2021-07-15
Image

რუსთავის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს სხდომათა დარბაზში, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანის ხელმძღვანელობით, რიგგარეშე სხდომა გაიმართა და ქალაქისთვის რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნა მიღებული.
ცვლილება შევიდა რუსთავის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში და 177,0 ათასი ლარით დაფინანსდა აუტიზმის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამა. ასევე, გაიზარდა ბიუჯეტიდან 30-მდე ინფრასტრუქტურული პროგრამის დაფინანსება.
როგორც მომხსენებელმა, მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა, ლევან კავთიაშვილმა, განაცხადა, 2021 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში ცვლილებები გამოიწვია ფინანსთა სამინისტროს მიერ დაკორექტირებული გეგმებისა და ჭარბი შემოსავლების ხარჯზე გაზრდილმა შემოსულობების გეგმამ, რომელმაც შეადგინა 4 533,7 ათასი ლარი, ხოლო მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის, როგორც შემოსულობები, ასევე გადასახადების ნაწილში თანხა გაიზარდა და განისაზღვრა 68 303, 6 ათასი ლარით, რომელიც სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროგრამებში გადანაწილდა.
პირველი მაისის ქუჩის N34-ში მცხოვრებ მოქალაქეებს, საკრებულოს გადაწყვეტილებით, უსასყიდლო სარგებლობაში გადაეცათ, რუსთავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება.
სხდომის ფარგლებში, დეპუტატებმა დაამტკიცეს თოდრიის ქუჩის, პირველი ჩიხის N4-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო ობიექტების ნუსხა.
საკრებულოს გადაწყვეტილებით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს განხილვისთვის და ფინანსთა სამინისტროდან შესაბამისი დაფინანსების მიღების მიზნით, გადაეგზავნათ ქალაქში განსახორციელებელი ორი ინფრასტრუქტურული პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს მე-8 და 18 -19-ე მიკრორაიონებში არსებული სკვერების მოწყობას.