განცხადებები

რუსთავის საკრებულოში მორიგი სხდომა გაიმართა

  • 2021-10-22
Image

რუსთავის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს სხდომათა დარბაზში, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელ ნინო ქავთარაძის ხელმძღვანელობით, მორიგი სხდომა გაიმართა, რომელზეც დღის წესრიგით გათვალისწინებულ 7 ძირითად საკითხზე იმსჯელეს.
სხდომის ფარგლებში, საკრებულომ დაამტკიცა მერიის ელექტრონული საქმისწარმოების წესი.
როგორც მომხსენებელმა, მერიის აპარატის ხელმძღვანელმა, ნინო ნიკოლავამ განაცხადა, 2021 წლიდან ელექტრონული საქმისწარმოება ხორციელდება ახალი, MSDA პორტალის მეშვეობით, რამაც განაპირობა წინამდებარე საქმისწარმოების წესის დამუშავება, რაც საჭიროებს სამართლებრივი აქტით რეგულირებას. მისი თქმით, დადგენილების მიღება ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის მიერ მოქალაქეთათვის მუნიციპალურ სერვისზე წვდომის გამარტივება/გაუმჯობესებას.
დღესვე, საკრებულოს წევრებმა ,,მოქალაქეთა მედიკამენტებითა და საანალიზო ტექნიკური საშუალებით დახმარების ქვეპროგრამის განხორციელების წესში“ შესატანი ცვლილებები დაამტკიცეს, რომლის მიხედვითაც, მერის გადაწყვეტილებით, გლუკოზის საანალიზო ტესტ-ჩხირების რაოდენობა, განისაზღვრება ბენეფიციარის საჭიროების გათვალისწინებით, დადგენილზე მეტი რაოდენობით.
სხდომის ფარგლებში, დეპუტატებმა 21-ე მიკრორაიონში, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო ობიექტების გეგმა დაამტკიცეს, ასევე კენჭი უყარეს მე-8 მიკრორაიონის N12 და თბილისის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ქონების საპრივატიზებო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ საკითხებს.
სხდომის ფარგლებში,საკრებულომ რუსთავის ტყე-ჭალის ტერიტორიაზე მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გასაცემი ობიექტების გეგმა დაამტკიცა. როგორც მომხსენებელმა, მერიის ქონების მართვისა და ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსმა ნინო სოსელიამ განაცხადა, აღნიშნულ ტერიტორიაზე, რომელიც ამ ეტაპზე დაჭაობებულია, საცხენოსნოს მოწყობა იგეგმება.
დეპუტატების გადაწყვეტილებით, ასევე დამტკიცდა, რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთის (ქეთევან ფირცხალაიშვილის) განაშენიანების დეტალური გეგმა.