განცხადებები

რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ განვლილი 4 წელი შეაჯამა

  • 2021-11-13
Image

,,რუსთავი-ქალაქი, რომელიც ჩვენია“ - ასეთი იყო ირაკლი ტაბაღუას ოთხწლიანი ანგარიშის თემა, რომელიც საზოგადოებას წარუდგინა.
ანგარიშის პრეზენტაციას, რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი და 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებული მერობის კანდიდატი ნინო ლაცაბიძე, საქართველოს პარლამენტის წევრები - ალექსანდრე დალაქიშვილი და გიორგი კახიანი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, მერის პირველი მოადგილე ბესიკ ტოგონიძე, მერის მოადგილე კახა გურული, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ქავთარაძე, სხვადასხვა პროფესიის რუსთაველები და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები დაესწრნენ.
2017-2021 წლებში, რუსთავში 300-ზე მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა.
ძველი რუსთავის რეაბილიტაციის ფარგლებში, განახლდა ქალაქის ისტორიული უბნები, განხორციელდა მუნიციპალური ტრანსპორტის სისტემის სრული რეფორმა, რის შედეგადაც რუსთაველებს ახალი, თანამედროვე სტანდარტების ტრანსპორტი ემსახურება.
განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა რეკრეაციაზე და ოთხ წელიწადში, რუსთავს 5 ახალი მულტიფუნქციური სკვერი შეემატა.
აშენდა 3 ახალი და სხვადასხვა სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა ქალაქში არსებულ ყველა საბავშვო ბაღს.
განხორციელდა სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაცია, რის შედეგადაც, ქალაქს ათწლეულების განმავლობაში არსებული პრობლემა- ძლიერი წვიმების დროს ღვარცოფული ნაკადებისგან ქალაქის დატბორვის საშიშროება აღარ აქვს.
დაიწყო რუსთაველებისთვის ისტორიული მნიშვნელობის პროექტი- სპორტის სასახლის მშენებლობა.
2017-2021 წლებში, რუსთავში განხორციელებული ახალი ინვესტიციების რაოდენობამ 350 მილიონ ლარს გადააჭარბა.
პრეზენტაციის დასასრულს, ირაკლი ტაბაღუამ წარმატებები უსურვა რუსთავის მომავალ მერს, ნინო ლაცაბიძეს და ქალაქის სიმბოლური გასაღები გადასცა. ირაკლი ტაბაღუამ ოთხწლიანი ერთობლივი მუშაობისთვის, მადლობა გადაუხადა რუსთაველებს და მუნიციპალიტეტის თანამშრომლებს.