განცხადებები

რუსთავის საკრებულომ მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

  • 2021-11-25
Image

რუსთავის მეექვსე მოწვევის საკრებულომ, მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა.
81 მილიონ 200 ათასი ლარით განსაზღვრული წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი საკრებულოს დეპუტატთა ხმათა უმრავლესობით დამტკიცდა.
ბიუჯეტის პროექტის ძირითადი პარამეტრები მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ლევან კავთიაშვილმა წარადგინა. მისი განცხადებით, 2022 წლის ბიუჯეტი გასულ წელთან შედარებით 60%-ით, 31 მილიონი ლარით იზრდება.
რუსთავის ისტორიაში უპრეცედენტო რაოდენობის ბიუჯეტის პრიორიტეტი სოციალური, ინფრასტრუქტურული და ეკოლოგიური პროექტებია, თუმცა თანხობრივი ზრდაა ყველა მუნიციპალური პროგრამისა და ქვეპროგრამის ნაწილში.
ქალაქის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის ბიუჯეტით -28 მილიონი ლარია განსაზღვრული. განათლების და კულტურის სფეროს, ასევე ახალგაზრდობის და სპორტის პროგრამებისთვის გათვალისწინებულია -10 მილიონი ლარი. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფისთვის - 5 მილიონი ლარია გამოყოფილი, რის საფუძველზეც იგეგმება სოციალური პროგრამების, კერძოდ მოქალაქეთა ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების, აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის, დიალიზით დაავადებულთა, ბაკალავრისა და მაგისტრატურის სტუდენტების ქვეპროგრამების დაფინანსების ზრდა.
„-მომავალი წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტით, 5 მილიონი ლარი ქალაქში მრავალსარულიან კორპუსებში, ახალი ლიფტების მონტაჟის და ძველი ლიფტების რეაბილიტაციისთვისაა განსაზღვრული, 2 მილიონი ლარი ავარიული კორპუსების რეაბილიტაციას მოხმარდება, ხოლო 4 მილიონ 200 ათასი ლარით კლდიაშვილის სკვერი და „მედიათეკა“ მოეწყობა.“-განმარტა სხდომაზე ლევან კავთიაშვილმა.
საკრებულოს სხდომის ფარგლებში, დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 31 საკითხი განიხილეს და ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს, რის შემდეგაც საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, ნინო ქავთარაძემ მეექვსე მოწვევის საკრებულოს ბოლო სხდომა დახურულად გამოაცხადა.