ნინო ლაცაბიძემ საუკეთესო შედეგების მქონე რუსთაველი მწვრთნელები დააჯილდოვა

  • 2021-12-28
Image

რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, ქალაქის საკრებულოს დეპუტატებთან ერთად, 2021 წლის საუკეთესო სპორტული შედეგების მქონე რუსთაველ მწვრთნელებს შეხვდა.
ნინო ლაცაბიძემ, მიმდინარე წელს, სპორტის სხვადასხვა სახეობაში მიღწეული შედეგებისთვის მათ მადლობა გადაუხადა, სიმბოლური საჩუქრები და სიგელები გადასცა.
როგორც ქალაქის მერმა შეხვედრაზე განაცხადა, 2022 წლიდან, ,,სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის“ დაქვემდებარებაში არსებული სპორტული სექციების მწვრთნელების და იქ დასაქმებული ყველა თანამშრომლის ხელფასები გაიზრდება, ასევე გაორმაგდება წარმატებული ახალგაზრდა სპორტსმენების სტიპენდია.
შეხვედრას რუსთავის მერის მოადგილე ოთარ ტატალაშვილი, მერიის ,,სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის’’ დირექტორი დავით შანიძე და სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი დემეტრაშვილი ესწრებოდნენ.
2021 წელს, რუსთავს, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატების 6 პრიზიორი, საქართველოს 43 ჩემპიონი და სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირის 414 გამარჯვებული ჰყავს.
მიმდინარე წელს, ქალაქში რამდენიმე სპორტული დარბაზის რეაბილიტაცია განხორციელდა და 105 ათასი ლარის ღირებულების სპორტული ინვენტარი იქნა შეძენილი, აქტიურად მიმდინარეობს სპორტის სასახლის მშენებლობა, რაც რუსთავს საშუალებას მისცემს, საერთაშორისო ტურნირებს სპორტის 14 სახეობაში უმასპინძლოს. 2022 წლისთვის იგეგმება ჭიდაობის დარბაზის სრული რეაბილიტაცია.