რჩეულიშვილის ქუჩაზე ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს ქალაქის მერია დაეხმარება

  • 2022-01-20
Image

რუსთავში, რჩეულიშვილის ქუჩაზე მომხდარი ხანძრის შედეგად დაზარალებული რვა ოჯახი რუსთავის მერიამ დროებით საცხოვრებლად სასტუმროში გადაიყვანა. თავშესაფრის გარეშე დარჩენილი ოცდაორი ადამიანი, რუსთავის მერიის დაფინანსებით, სასტუმრო ,,გრანდ ვეჯინში" იცხოვრებს.

დაზარალებულ ოჯახებს რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, მოადგილე ოთარ ტატალაშვილთან და საკრებულოს წევრებთან ერთად შეხვდა და დახმარება აღუთქვა.

,,ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახები დროებით სასტუმროში გადმოვიყვანეთ. მთავარია, რომ ადამიანების ჯანმრთელობას საფრთხე არ შექმნია, დანარჩენი ყველაფერი მოგვარებადია და ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ მათ საცხოვრებელი პირობები შევუქმნათ. ველოდებით ექსპერტიზის დასკვნას და შემდეგ მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას. დავეხმარებით როგორც სოციალური პროგრამებით, ისე მერის სარეზერვო ფონდიდან. ჩემთვის მთავარია, რომ ამ ადამიანებმა ნორმალური, ჩვეული ცხოვრება გააგრძელონ და პრობლემები უმოკლეს ვადაში მოუგვარდეთ. არიან მცირეწლოვნები, სასკოლო ასაკის ბავშვები. უკვე გვქონდა კომუნიკაცია რესურსცენტრთანაც, რომ სწავლის პროცესი არ შეუფერხდეთ ბავშვებს"- განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.

კორპუსის მდგრადობის შესახებ ექსპერტიზის დასკვნის დადების შემდეგ, მუნიციპალიტეტი დაზარალებულ ოჯახებს შესაბამის დახმარებას გაუწევს. რუსთავის მერია მათ პირველადი მოხმარების საგნებით და საკვებითაც დაეხმარება და საცხოვრებლად საჭირო ყველა პირობას შეუქმნის.

ხანძარი რუსთავში, რჩეულიშვილის N6ა-ში არსებულ ორსართულიან კორპუსში, დღეს გაჩნდა. ხანძრის ლიკვიდაცია დროულად მოხდა და კორპუსის არცერთი მცხოვრების ჯანმრთელობას საფრთხე არ შექმნია.