რუსთავის მუნიციპალიტეტი თანამშრომლების მასობრივ ტესტირებებს და ვაქცინაციასთან დაკავშირებულ საინფორმაციო შეხვედრებს აგრძელებს

  • 2022-01-27
Image

რუსთავის მერიის ორგანიზებით, კოვიდ 19-ის ვაქცინაციის კამპანიის ,,ავიცრათ ერთმანეთისთვის’’ და მასთან დაკავშირებული წამახალისებელი პროგრამის შესახებ ა(ა)იპ ,,რუსთავსერვის ცენტრის’’ თანამშრომლებთან  საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებს, რუსთავის მერის მოადგილეები-  ოთარ ტატალაშვილი და ბესიკ ტოგონიძე,  ,,რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს ცენტრის" დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ლალი დეკანოსიძე, ქალაქის საკრებულოს წევრები შეხვდნენ და კორონავირუსის ვაქცინაციის წამახალისებელ  პროგრამაზე დეტალური  ინფორმაცია მიაწოდეს.

მთავრობის მიერ ინიცირებული პროგრამა, რომელიც 50 წლის ასაკის ზემოთ კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით აცრაზე 200-ლარიან წახალისებას გულისხმობს, თებერვლის განმავლობაშიც გაგრძელდება. ვაქცინის პირველი დოზის ჩატარების შემდეგ, 200-ლარიანი ერთჯერადი დანამატი ვაქცინირებულ პირს ავტომატურად ჩაერიცხება. ამავე ასაკობრივი ჯგუფის პირები, ე.წ ბუსტერ დოზით აცრის შემთხვევაში, კი 100 ლარს მიიღებენ.

შეხვედრის პარალელურად, ,,რუსთავსერვის ცენტრის’’ 100 თანამშრომელს კოვიდ 19-ზე ტესტირებაც ჩაუტარდა.  რუსთავის მერიის ორგანიზებით, კოვიდ 19-ზე უკვე გაიტესტა დასუფთავების სამსახურის 300 და მუნიციპალური ავტოტრანსპორტის საწარმოს 200 თანამშრომელი. ტესტირება ჩაუტარდათ მერიის სხვადასხვა სამსახურის თანამშრომლებსაც.

რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ინფორმაციით, რუსთავში 1 იანვრიდან კოვიდ -19  2951 მოქალაქეს დაუდასტურდა. 18 წლის ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში, რუსთავში 34 659 ადამიანი უკვე აცრილია, რაც ამ ასაკის მოსახლეობის 36, 6%-ს შეადგენს. 50 წელზე მეტი ასაკის 39 713 რუსთაველიდან, კი იმუნიზაცია ორივე დოზით 16 179 მოქალაქეს აქვს ჩატარებული.