რა კეთდება რუსთავში ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად

  • 2022-01-27
Image

რუსთავში, ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ კანონის აღსრულების მიზნით, მოქმედი საწარმოების მასშტაბური მონიტორინგი დაიწყო.

კამპანიის პირველი შეხვედრა კომპანია „რუსელოისის“ მეტალურგიულ (ფეროშენადნობთა) საწარმოში გაიმართა.

შეხვედრას რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი, ბიზნესასოციაციის პრეზიდენტი ლევან ვეფხვაძე და შპს „რუსელოისის“ წარმომადგენლები დაესწრნენ.

შეხვედრაზე, ,,რუსელოისის“ მეტალურგიული წარმოების იმ სტანდარტებთან შესაბამისობაზე იმსჯელეს, რაც აუცილებელი პირობაა რუსთავის ეკოლოგიური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

ატმოსფერული ჰაერის ხარისხთან დაკავშირებული ეკოლოგიური პრობლემა, რუსთავს საწარმოო ზონასთან სიახლოვის გამო, უკვე ათწლეულებია რაც აქვს.

საკანონმდებლო დონეზე საკითხი გასული წლის მარტში გადაწყდა. 2020 წელს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ კანონში და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებების პაკეტი მომზადდა, რომელიც პარლამენტმა, 2021 წლის გაზაფხულზე, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ კანონთან ერთად დაამტკიცა.

კანონის მიხედვით, მსხვილმა საწარმოებმა, ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევის მონიტორინგი ონლაინ, უწყვეტ რეჟიმში უნდა განახორციელონ და საწარმო აირმტვერდამჭერი მოწყობილობით აღჭურვონ. ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საწარმოებს მკაცრი სანქციები დაეკისრებათ.

საწარმოების მონიტორინგის კამპანიის დაწყება, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ კანონის აღსრულების ნაწილში, ქარხნების მხრიდან წარმოქმნილმა შეფერხებებმა განაპირობა. როგორც შეხვედრაზე გაირკვა, კომპანია ,,რუსელოისს“ საჭირო ტექნიკა უკვე შესყიდული აქვს და მიმდინარე წლის აპრილისთვის ქარხანა, ტექნიკურად სრულად იქნება აღჭურვილი და სტანდარტებს დააკმაყოფილებს. საწარმოების მონიტორინგის კამპანია გაგრძელდება და ანალოგიური შეხვედრა რუსთავში არსებულ ყველა საწარმოში გაიმართება.