განცხადებები

რუსთავის თეატრმა 55-ე საიუბილეო სეზონისთვის სამზადისი დაიწყო

  • 2022-02-02
Image

რუსთავის თეატრის ,,ცისფერ დარბაზში“, დღეს საიუბილეო სეზონზე დაგეგმილი პრემიერებისა და ღონისძიებების შესახებ პროექტის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ და თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა სოსო ნემსაძემ წარადგინეს.
ღონისძიებას, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი, მერის მოადგილეები - კახა გურული და ბესიკ ტოგონიძე, ქალაქის საკრებულოს წევრები, თეატრის დასი და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
საიუბილეო სეზონზე თეატრში 136 ღონისძიებაა დაგეგმილი, მათ შორისაა ექვსი სპექტაკლის პრემიერა. დასრულდება თეატრის ე. წ სარდაფის სივრცის რეაბილიტაცია, სადაც ცოტა ხნის წინ სპექტაკლის ,,მიმძიმს ამაზე საუბარი“ პრემიერა გაიმართა. ამავე სივრცეში განთავსდება გარდერობი მაყურებლისთვის. გაიხსნება თეატრის მუზეუმი, რომელიც უკვე მრავალი წელია, თეატრს არ აქვს.
საიუბილეო სეზონის პირველი პრემიერა - მიუზიკლი ,,კუკარაჩა“ თებერვლის დასაწყისში თეატრის დიდ სცენაზე იგეგმება, რომლის დამდგმელი რეჟისორიც სოსო ნემსაძეა. მალევე რეჟისორი კოკო როინიშვილი, ო. ჰენრის ნოველების მიხედვით დადგმულ სპექტაკლს წარადგენს. ზაფხულში, რუსთავის თეატრი კომედიური და მუსიკალური სპექტაკლების საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს. სეზონის მიწურულს, თეატრალური კვირეულის ფარგლებში, რუსთავის თეატრს რეგიონის თეატრები საკუთარი წარმოდგენებით ესტუმრებიან.
30 ნოემბერს, საიუბილეო დღეს, დასკვნითი კოსტიუმირებული გალა ღონისძიება გაიმართება, სადაც თავს მოიყრიან რუსთავის თეატრის დამაარსებელი მსახიობები, ამჟამინდელი და დასის უკვე ყოფილი წევრები, რეჟისორები, მხატვრები და სხვა მიწვეული სტუმრები.
რუსთავის თეატრი, 1967 წლის 30 ნოემბერს, რეჟისორ გიგა ლორთქიფანიძის ხელმძღვანელობით, ედმონდ როსტანის რომანტიკული დრამით ,,სირანო დე ბერჟერაკით” გაიხსნა.