განცხადებები

რუსთავში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, მოქმედი საწარმოების მასშტაბური მონიტორინგი გრძელდება

  • 2022-02-03
Image

რუსთავში, ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ კანონის აღსრულების და ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, მოქმედი საწარმოების მასშტაბური მონიტორინგი გრძელდება.
ერთობლივი მონიტორინგის კამპანიის ფარგლებში, მორიგი შეხვედრა შპს „ჯეოსთილში“ გაიმართა.
შეხვედრას, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი, რუსთავის მერის პირველი მოადგილე კახა გურული, საკრებულოს წევრი მარი ლიპარტელიანი, ბიზნესასოციაციის პრეზიდენტი ლევან ვეფხვაძე და „ჯეოსთილის“ წარმომადგენლები დაესწრნენ.
შეხვედრაზე ქარხნის იმ სტანდარტებთან შესაბამისობაზე იმსჯელეს, რაც აუცილებელი პირობაა რუსთავის ეკოლოგიური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.
რუსთავში, ატმოფერული ჰაერის გაუმჯობესების კუთხით, ,,ჯეოსთილს’’ გარკვეული ნაბიჯები უკვე გადადგმული აქვს. საწარმოში დამონტაჟებულია ემისიების ასპირაციის უწყვეტი მონიტორინგის სისტემა. თუმცა იმისთვის, რომ საწარმომ კანონით განსაზღვრული სტანდარტები დააკმაყოფილოს, გარკვეული სამუშაოები კვლავ შესასრულებელი რჩება.
ატმოსფერული ჰაერის ხარისხთან დაკავშირებული ეკოლოგიური პრობლემა, რუსთავს საწარმოო ზონასთან სიახლოვის გამო, უკვე ათწლეულებია რაც აქვს.
საკანონმდებლო დონეზე საკითხი გასული წლის მარტში გადაწყდა. ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ კანონში და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებების პაკეტი პარლამენტმა, 2021 წლის გაზაფხულზე, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ კანონთან ერთად დაამტკიცა.
კანონის მიხედვით, მსხვილმა საწარმოებმა, ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევის მონიტორინგი ონლაინ, უწყვეტ რეჟიმში უნდა განახორციელონ და საწარმო აირმტვერდამჭერი მოწყობილობით აღჭურვონ. ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საწარმოებს მკაცრი სანქციები დაეკისრებათ.
საწარმოების მონიტორინგის კამპანიის დაწყება, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ კანონის აღსრულების ნაწილში, ქარხნების მხრიდან წარმოქმნილმა შეფერხებებმა განაპირობა. საწარმოების
მონიტორინგის ფარგლებში, ეს უკვე მეორე შეხვედრაა.
პირველი შეხვედრა ერთი კვირის წინ, ,,რუსელოისის" ფეროშენადნობთა საწარმოში გაიმართა.