განცხადებები

სპორტის სასახლის მშენებლობის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს

  • 2022-02-12
Image

რუსთავში, სპორტის სასახლის მშენებლობა აქტიურ ფაზაში შევიდა. პროექტს, მუნიციპალური განვითარების ფონდი აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით ახორციელებს და მისი ღირებულება 20 მილიონი ლარია.
მშებებლობის პროცესს ადგილზე გაეცნენ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ირაკლი ქარსელაძე, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, დავით ტაბიძე.
ორსართულიანი დახურული ტიპის სპორტული კომპლექსი 1500 მაყურებელზეა გათვლილი და მასში სპორტის სხვადასხვა სახეობის, კერძოდ, კრივის, კალათბურთის, ხელბურთისა და მინი ფეხბურთის დარბაზები მოეწყობა.
შენობაში გათვალისწინებულია გასახდელების, საკონფერენციო დარბაზის, ინვენტარის შესანახი, დასასვენებელი ოთახებისა და სველი წერტილების მოწყობა. ადგილზე განთავსდება ღია კაფე, ავტოპარკინგი და სარეკრეაციო ზონა, მოწესრიგდება საფეხმავლო ბილიკები, რომელთა გასწვრივაც გარე განათების ლამპიონები დამონტაჟდება, მოხდება ტერიტორიის გამწვანებაც.
მშენებლობის დასრულება 2022 წლის ბოლოსთვისაა დაგეგმილი.