განცხადებები

ნინო ლაცაბიძე- რუსთავის მეგობარი უკრაინული ქალაქებისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევას ვიწყებთ, მე მინდა მოგიწოდოთ ყველას- გავერთიანდეთ უკრაინისთვის!

  • 2022-02-28
Image

რუსთავის მუნიციპალიტეტი უკრაინის დამეგობრებული ქალაქებისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევას იწყებს.
ამის შესახებ რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ დღეს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.
რუსთავს უკრაინის ქალაქებთან: ივანო ფრანკოვსკთან, ჩერკასთან, ხმელნიცკთან, ვინიცასთან და კრივოი როგთან განსაკუთრებული მეგობრობა აკავშირებს.
დღეს ეს ქალაქები განსაცდელის წინაშე დგანან და მათ ესაჭიროებათ ჩვენი დახმარება.
რუსთავის მერიას აქტიური კომუნიკაცია აქვს ამ ქალაქების წარმომადგენლებთან და ჰუმანიტარული აქციაც მათი საჭიროებების მიხედვით იგეგმება.
ქალაქის მერია ჰუმანიტარულ აქციას დღეიდან იწყებს. მეგობარი უკრაინული ქალაქების დასახმარებლად, სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი სახსრები გათვალისწინებული იქნება უკრაინელი ხალხისთვის პირველადი მოხმარების აუცილებელი ნივთების შესაძენად.
რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია აქციაში ჩართვისკენ მოუწოდებს სამოქალაქო საზოგადოებას, ბიზნესს და რიგით რუსთაველებს.
ჰუმანიტარული ტვირთის ტრანსპორტირებას ქალაქის მერია საქართველოს მთავრობის დახმარებით უზრუნველყოფს.
აქციაში ჩართვის მსურველებმა ინფორმაციისთვის უნდა დარეკონ მერიის საინფორმაციო ნომერზე 1300.
გავერთიანდეთ უკრაინისთვის!