განცხადებები

ნინო ლაცაბიძე - ჩვენ რაც შეიძლება სწრაფად უნდა შევძლოთ სკოლებში არსებული ინფრასტრუქტურის კიდევ უფრო გაუმჯობესება

  • 2022-03-09
Image

რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, ქალაქის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებთან ერთად, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ვალერიან გობრონიძესა და  მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორ დავით ტაბიძეს შეხვდა. შეხვედრაზე, საჯარო სკოლებში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილეს, ასევე სამომავლო პრიორიტეტები დასახეს.

„სამინისიტროს წარმომადგენლებთან და საჯარო სკოლების დირექტორებთან ერთად  სკოლის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების საკითხები განვიხილეთ. რუსთავში რამდენიმე მიმდინარე პროექტია, ასევე ვგეგმავთ ახალ პროექტებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სკოლების რეაბილიტაციის პროექტების დაგეგმვასა და განხორციელების პროცესში მუნიციპალიტეტი, სამინისტროსთან ერთად აქტიურად იყოს ჩართული.  ჩვენ, რაც შეიძლება სწრაფად უნდა შევძლოთ სკოლებში არსებული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის ვალერიან გობრონიძის განცხადებით,  2023 წლიდან საჯარო სკოლების ავტორიზაციის პროცესი იწყება, რაც ინფრასტრუქტურის მზაობასა და არსებულ სტანდარტებთან  შესაბამისობაში მოყვანას გულისხმობს.

„ქალაქის მერის ინიციატივით, ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა დღეს რუსთავის სკოლების ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით. ქვეყნის მასშტაბით სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ისევე როგორც გასულ წლებში, წელსაც რამდენიმე ათეული სკოლის რეაბილიტაციაა  დაგეგმილი. ამ პროცესში რა თქმა უნდა ჩართულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო, ასევე მუნიციპლაური განვითარების ფონდი და ადგილობრივი თვითმმართველობა. სწორედ ამ სამი უწყების ერთობლივი ძალისხმევით მიმდინარეობს სკოლების რეაბილიტაციის პროცესი“, - განაცხადა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ.

სამუშაო შეხვედრას ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე ილია ჯალაღანია, რუსთავის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი თამარ ხეჩიკაშვილი, საჯარო სკოლების დირექტორები და  რუსთავის მუნიციპალიტეტის სხვა წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

სამუშაო შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ სარემონტო სამუშაოები პირველ რიგში იმ საჯარო სკოლებში ჩატარდება, სადაც შენობები ავარიულ მდგომარეობაშია და სასწრაფო რეაბილიტაციას საჭიროებს.  დღეისათვის სარეაბილიტაციო სამუშაოები  რუსთავის  N25 და N 26 საჯარო სკოლებში მიმდინარეობს.